Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ რუსეთს გადასცა ინტერპოლით ძებნილი რამზან ახიადოვი


19 სექტემბერს საქართველომ რუსეთის ფედერაციას გადასცა რამზან ახიადოვი, ეროვნებით ჩეჩენი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რომელსაც რუსეთი ტერორისტულ დანაშაულში (ისლამური სახელმწიფოს ინტერესებში ხალხის მობილიზებისა ბრძოლის ეპიზოდები 2013-2015 წლებში) სდებდა ბრალს და ინტერპოლით ეძებდა.

„ის ჩვენთან თურქეთიდან შემოვიდა, სადაც ასევე უწყობდა ხელს ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას, ამაზე მეტს ამ საქმეზე ვერ ვიტყვი. ტერორიზმთან და საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლა იყო, არის და იქნება ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტი ჩვენივე სახელმწიფოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, საქართველომ, მანამ, სანამ ექსტრადიციაზე დათანხმდებოდა, რუსეთისგან მიიღო წერილობითი გარანტია, რომ ახიადოვს არ დაემუქრება წამება და არადამიანური მოპყრობა:

„სტრასბურგის დღევანდელი სტანდარტი ამბობს, რომ ასეთ გარანტიებში, რომელიც გენერალური პროკურატურიდან მომდინარეობს, არ არსებობს ეჭვის შეტანის საფუძველი“. ჩვენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ამ გარანტიების შესრულების მონიტორინგს გავაგრძელებთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ახიადოვი, რომელიც მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას გამოგონილს უწოდებს, ბოლო ორი წლის განმავლობაში ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობდა.

როგორც მისი ადვოკატი, ალექსანდრე თათელიშვილი აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში, 9 თვის წინ, ის ქუთაისში, პოლიციამ მანქანის არასწორი პარკისებისას გააჩერა და სწორედ მაშინ გაირკვა, რომ ის ინტერპოლით ძებნილი იყო.

მას შემდეგ ის რუსთავის #6 დაწესებულებაში იმყოფებოდა.

ახიადოვი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვდა, უარი ეთქვა მის ექსტრადიციაზე, რადგან მისი სიტყვებით, რუსეთში არაადამიანური მოპყრობა ემუქრებოდა და არც სამართლიანი სასამართლოს იმედი ჰქონდა.

19 სექტემბერს ამ საკითხზე საგანგებო ბრიფინგი გამართა ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ, რომელიც მოუწოდებდა ხელისუფლებას არ გადაეცათ რამზან ახიადოვი რუსეთისათვის, რადგან იქ მას არადამიანური მოპყრობა ელოდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ დროს ის უკვე ექსტრადირებული იყო.

როგორც რამზან ახიადოვის ადვოკატმა, ალექსანდრე თათელიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მან ახიადოვის დაკავებისთანავე შეიტანა გენერალურ პროკურატურაში განცხადება ახიადოვისთვის საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე - ითხოვდნენ ლტოლვილის ან ჰუმანიტარულ სტატუსს, თუმცა მიგრაციის სამსახურმა ამ მოთხოვნას უარით უპასუხა. ახიადოვმა საქმე სასამართლოშიც გაასაჩივრა, თუმცა წააგო.

თათელიშვილი აცხადებს, რომ საქმის მასალებითაც არ არის დასაბუთებული ის ბრალდებები, რაც რამზან ახიაგოვის მიმართ რუსეთის პროკურატურას გააჩნია.

„საქმეში არის მხოლოდ რუსეთის პროკურატურის დადგენილებები, მეტი მტკიცებულება იქ არ დევს. სახელმწიფო ჩვენ გვეუბნება, რომ რუსეთში არ არის ისეთი საფრთხე, რომ მას რამე დაემუქროს“, - აცხადებს თათელიშვილი.

ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა ახიადოვმა საქართველოში ცხოვრება, ადვოკატმა გვიპასუხა, რომ რამზანი მიიჩნევდა, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა,სადაც ოჯახთან ერთად მშვიდად ცხოვრებას შეძლებდა, აპირებდა მოქალაქეობის მოთხოვნას და ა.შ.

„თუ ადამიანი ფიქრობს, რომ თავის ქვეყანაში ამა თუ იმ მიზეზის გამო არ დაედგომება და სურს რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანას შეაფაროს თავი, ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა. არსებობდა გარკვეული საფუძველი, რამაც მისი საქართველოში ჩამოსვლა განაპირობა, თუმცა მეტ დეტალს ამ საქმეზე ვერ ვიტყვი“, - გვითხრა ალექსანდრე თათელიშვილმა. მისივე თქმით, რამზან ახიადოვს რუსეთში 20 წლიანი პატიმრობა ელოდება.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ პროექტის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის ადამიანის უპირობოდ, მტკიცებულებების შესწავლის გარეშე გადაცემა, მხოლოდ იმიტომ, რომ ამის მოთხოვნა არსებობს, არ შეიძლება. მისი აზრით, ახიადოვის საქმეში კი ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა.

ნანუაშვილის თქმით, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი საქართველოსგან ტერორიზმში ბრალდებულის გადაცემას მოითხოვს

„ჩვენ ვლაპარაკობთ რუსეთის იმ ხელისუფლებაზე, რომლის მიმართ უამრავი შეკითხვა არსებობს. გავიხსენოთ თუნდაც რამდენიმე კვირის წინ ბერლინში მომხდარი ხანგოშვილის მკვლელობა, რაშიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ მაინც ჩანს რუსული კვალი. კარგად მახსოვს, რომ ყოველთვის, როცა საქართველოს ხელისუფლება მსგავს შემთხვევებში რუსეთისგან მოითხოვდა დეტალურ ინფორმაციას ტერორიზმში ბრალდებულ პირებზე, ფაქტობრივად ერთსა და იმავე, "დაკოპირებულ" ინფორმაციას აწვდიდა რუსეთი ქართულ მხარეს. ამიტომ ვამბობ, რომ საქმის მასალების შესწავლა არის მნიშვნელოვანი“, - უთხრა უჩა ნანუაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ნანუაშვილის განცხადებით, ჩნდება ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლება უბრალოდ ცდილობს, დეტალების შესწავლის გარეშე რუსეთს ყველა მოთხოვნა შეუსრულოს და ის ნაკლებად გააღიზიანოს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG