Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთის კომპანია "თურქული ნაკადის" ბულგარულ მონაკვეთს გაიყვანს


Bulgartransgaz EAD და კონსორციუმმა Arkad-მა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლითაც გათვალისწინებულია მასალებისა და ტექნიკის მიწოდება, ინვესტიციების პროექტირება, მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება გაზსადენის მონაკვეთისა თურქეთის საზღვრიდან სერბეთის საზღვრამდე.

ხელშეკრულებას 18 სექტემბერს მოაწერეს ხელი ბულგარეთის მინისტრთა საბჭოში, პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვისა და რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის, დენის მარტუნოვის, ასევე ბულგარეთში საუდის არაბეთის ელჩის, მესფერ ბინ აბდულას თანდასწრებით, იტყობინება სააგენტო BTA. ხელმოწერისას ბორისოვმა პროექტს „ბალკანური ნაკადი“ უწოდა.

Bulgartransgaz-ის დირექტორის, ვლადიმირ მალინოვის თქმით, კონტრაქტის ღირებულებაა 1,2 მილიარდი დოლარი. ის ხელმოწერიდან 615 დღეში უნდა დასრულდეს. ეს Bulgartransgaz-ს საშუალებას მისცემს, სერბეთის მიმართულებით გაატაროს საჭირო მოცულობის გაზი, რომელიც უნგრეთის გავლით მიაღწევს ავსტრიას. სრული მოცულობით გაზის მიწოდება უკვე 2021 წელს დაიწყება.

გაზსადენის თაობაზე ტენდერში გაიმარჯვა კონსორციუმმა საუდის არაბეთის Arkad-ის მეთაურობით, რომელიც შემდეგ დისკვალიფიცირებულ იქნა და გამარჯვებულად გამოცხადდა Gas Development and Extension Bulgaria (GRGB). საუდის არაბეთის კომპანიამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკონკურსო კომისიაში და მოიგო. მაგრამ GRRB-მ ეს გადაწყვეტილება თავის მხრივ უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში გაასაჩივრა. ორი დღის შემდეგ ნათელი გახდა, რომ GRRB-ის პარტნიორი რუსეთში, რომელიც „თურქული ნაკადის“ სერბეთის მონაკვეთს გაიყვანს, აღარ უჭერს მხარს ამ საჩივარს. ამის შემდეგ სწრაფად მოეწერა ხელი კონტრაქტს Arkad-თან, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო გასული საჩივრისთვის განკუთვნილი 7-დღიანი ვადა.

Arkad-ის ჯგუფთან კონტრაქტის გაფორმება ერთი დღით უსწრებს წინ ევროკავშირის, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა შეხვედრას, რომლის ყურადღების ცენტრშია უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის ტრასპორტირების თაობაზე ათწლიანი შეთანხმება, რომელსაც 1 იანვარს გასდის ვადა.

სოფიაში გამართულ შეხვედრაზე ბორისოვმა ასევე ოპტიმიზმი გამოხატა ბელენეს ატომური ელექტროსადგურის პროექტის თაობაზე. დენის მანტუროვმა კი თქვა, რომ რუსეთის მხარემ განაცხადი შეიტანა ბელენეს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე უფლების მოსაპოვებლად. „რუსეთი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტში საერთაშორისო კონსორციუმის ფარგლებში. მე ვფიქრობ, ეს ოპტიმალური ვარიანტია,“ დასძინა მანტუროვმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG