მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით მისი ძმა თორნიკე მამალაძე აქციას საქართველოს პარლამენტთან მართავს. მან კარავი 19 სექტემბერს, ღამით გაშალა. მანამდე თორნიკე მამალაძეს აქციებს მართავდა საპატრიარქოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.
თორნიკე მამალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აქციას არ შეწყვეტს, სანამ მისი ძმა საპატიმრო დაწესებულებას არ დატოვებს. მამალაძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის მიერ დეკანოზის შეწყალებაზე უარი საპატრიარქოს მხრიდან ზემოქმედების შედეგია.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის სექტემბრიდან იხდის 9-წლიან სასჯელს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით.
გიორგი მამალაძე დანაშაულის ჩადენას უარყოფს. მისი ოჯახი აცხადებს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. გიორგი მამალაძის ოჯახმა დეკანოზის შეწყალება ჯერ კიდევ წინა პრეზიდენტს, გიორგი მარგევლაშვილს თხოვა. შეწყალების გადაწყვეტილება არც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიუღია.