Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთის ნავთობზე შეტევის შემდეგ, ტრამპმა ნება დართო სამხედროთა რაოდენობის "ზომიერ" გაზრდას


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ნება დართო აშშ-ის ძალების რაოდენობის "ზომიერ" გაზრდას საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში, რომელშიც ადმინისტრაციის ბევრი წარმომადგენელი ირანს ადანაშაულებს.

პენტაგონმა 20 სექტემბერს განაცხადა, რომ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რომელი დანაყოფები გაიგზავნება რეგიონში და არც ირანის წინააღმდეგ დაუსახელებია პოტენციური სამხედრო მოქმედების შესაძლებლობა. თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა თქვა, რომ ეს ნაბიჯი არის პასუხი საუდის არაბეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების თხოვნაზე, დახმარება გაეწიოთ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის თვალსაზრისით. მინისტრის თქმით, სამხედროთა მისია "თავდაცვითი ბუნების" იქნება. "კიდევ უფრო მეტი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, საუდის არაბეთმა საერთაშორისო დახმარება ითხოვა სამეფოს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დასაცავად. დახმარება ითხოვა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც", - თქვა ესპერმა.

ივლისში აშშ-მა განაცხადა, რომ 500-მდე სამხედროს გზავნიდა საუდის არაბეთში, როგორც ნაწილს უფრო ფართომასშტაბიანი ძალისხმევისა, ახლო აღმოსავლეთში გაიზარდოს მისი წარმომადგენლობა, მას შემდეგ, რაც ომანის ყურეში ნავთობის ტანკერებზე განხორციელდა შეტევები, რომლებსაც ვაშინგტონი ირანს ან მის მოკავშირეებს აბრალებდა.

რეგიონში დაძაბულობა კიდევ უფრო გაღრმავდა მას მერე, რაც 14 სექტემბერს რაკეტებით და საფრენი აპარატებით განხორციელდა იერიში საუდის არაბეთში მდებარე, ნედლი ნავთობის გადამამუშავებელ, მსოფლიოს უდიდეს ობიექტზე. საუდის არაბეთი აშშ-ის მოკავშირე და ირანის რეგიონული მეტოქეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG