აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მოითხოვს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნოს იმ სატელეფონო საუბრის ტექსტი, რომელშიც, გავრცელებული ცნობებით, ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვს გამოძიების დაწყებას ბაიდენის და ასევე მისი ვაჟის გარშემო, რომელიც უკრაინაში ბიზნესს აწარმოებდა.
20 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში ბაიდენი ამბობს, რომ ტრამპმა "სასწრაფოდ უნდა გამოაქვეყნოს დასახელებული საუბრის ტექსტი, რათა ამერიკელ ხალხს მიეცეს საშუალება თავად გამოიტანოს დასკვნა".
ბაიდენი, რომელიც კამპანიას აწარმოებს, რათა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს და 2020-ში ტრამპს დაუპირისპირდეს, ასევე ამბობს, რომ ეროვნული დაზვერვის დირექტორმა უნდა შეწყვიტოს დაბლოკვა და კონგრესს უნდა მიაწოდოს ამ სატელეფონო საუბრის შესახებ ანონიმი პირისგან შესული, საიდუმლო საჩივარი.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა იძიებს მედიაში გავრცელებულ ცნობებს, თითქოს ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში ტრამპი დაიმუქრა, რომ გააჩერებს უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარებას, თუკი ზელენსკის ადმინისტრაცია არ გამოიკვლევს მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის მოქმედებებს. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლების შეფასებით, თუკი ეს სიმართლეა, დახმარების შეჩერების მუქარა და უცხო ქვეყნის ლიდერისგან პოლიტიკური მეტოქის გარშემო გამოძიების მოთხოვნა იქნება ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის მაგალითი. ბევრი დასძენს რომ ეს იმპიჩმენტის საფუძველიც შეიძლება გახდეს.
წარმომადგენელთა პალატის მხრიდან ტრამპის და ზელენსკის სატელეფონო საუბრის გამოძიების დაწყების შემდეგ, გასულ კვირაში თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ უკრანას გამოუყოფს 250 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას, რაც ამ დრომდე შეჩერებული იყო.
დაწერეთ კომენტარი