Accessibility links

ირანი აცხადებს, რომ ნებისმიერ აგრესორს უპასუხებს, მას შემდეგ, რაც ტრამპმა რეგიონში გაზარდა სამხედროთა რაოდენობა


ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ ირანი ნებისმიერ აგრესორს უპასუხებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ამ აგრესორის თავდასხმა მცირე მასშტაბის იქნება, და მას გაანადგურებს.

"ფრთხილად იყავით, მცირე მასშტაბის აგრესია არ დარჩება მცირემასშტაბიანად. ჩვენ ნებისმიერ აგრესორს ვუპასუხებთ", - განაცხადა გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა ჰოსეინ სალამიმ 21 სექტემბერს, ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში. "ეს ჩვენგან სასჯელი იქნება და ჩვენ ამას გავაგრძელებთ ნებისმიერი აგრესორის სრულ განადგურებამდე", - თქვა მან.

ერთი დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნებართვა გასცა, "ზომიერად" გაიზარდოს აშშ-ის ძალების წარმომადგენლობა საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მას შემდეგ, რაც 14 სექტემბერს საუდის არაბეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იქნა იერიში, რომელშიც ტრამპის ადმინისტრაციაში ბევრი ირანს ადანაშაულებს. ირანი უარყოფს მონაწილეობას თავდასხმაში, რომელზეც პასუხისმგებლობა იკისრა იემენში მოქმედმა ჰუთიტების მეამბოხე ჯგუფმა. ეს ჯგუფი ირანის მოკავშირეა და ამჟამად იემენის სამოქალაქო ომში ებრძვის საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ალიანსს.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა თქვა, რომ სამხედროთა რაოდენობის გაზრდა არის პასუხი საუდის არაბეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების თხოვნაზე, დახმარება გაეწიოთ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის თვალსაზრისით. მინისტრის თქმით, სამხედროთა მისია "თავდაცვითი ბუნების" იქნება. "კიდევ უფრო მეტი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, საუდის არაბეთმა საერთაშორისო დახმარება ითხოვა სამეფოს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დასაცავად. დახმარება ითხოვა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც", - თქვა ესპერმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG