Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ბათუმში მიმდინარე გამოძიება მედიაზე ზეწოლას უკავშირდება


ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ ბეჟანიშვილმა 21 სექტემბერს გირაო, 25-25 ათასი ლარი შეუფარდა რამდენიმე დღის წინ დაკავებულ ხუთ პირს, რომლებსაც პროკურატურა პოლიციელზე ჯგუფურ თავდასხმას ედავება.

დაკავებულები შპს “გაზეთ ბათუმელების” დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის ძმისშვილები და სიძეები არიან. ეს კომპანია ფლობს ონლაინ გამოცემა “ნეტგაზეთსა” და “ბათუმელებს”. როგორც ინტერნეტგამოცემა "ნეტგაზეთი" იუწყება, “ბათუმელების” მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. თურაძის თქმით, შესაძლოა საქმეში მონაწილე პოლიციის მაღალჩინოსანი საკუთარი გავლენით სარგებლობდეს და პოლიციის მიერ განხორციელებული ღონისძიება იყოს მესიჯი გამოცემების – “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” მიმართ.

პროკურატურა დაკავებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, გირაოს შეფარდების გადაწყვეტილების გასაჩირებას კი სააპელაციო წესით აპირებს.

საქმე ეხება 16 სექტემბერს, ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს. პროკურატურის ვერსიით, ხუთი ბრალდებული ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური ღონისძიების სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსს – როინ კოჩალიძეს თავს დაესხა მაშინ, როცა კოჩალიძე მათ პოლიციის შეურაცხყოფისა და გინების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა.

ბრალდებულების მონათხრობით კი ისინი ახლობლის ბინიდან ღამის პირველის ნახევრისთვის გამოვიდნენ, იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში, ელოდნენ ტაქსის. ამ დროს სადარბაზოსთან შეამჩნიეს “შკოდას” მარკის მანქანა, რომლის დანახვაზე ერთ-ერთ მათგანს გაუჩნდა პოლიციის ასოციაცია და უცენზუროდ მოიხსენია ყველა „ცუდი პოლიციელი“.

ბრალდებულები ყვებიან, რომ ამ დროს სადარბაზოდან გამოვიდა სპორტულ ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით, რომელმაც კორპუსთან შეკრებილებს გინება დაუწყო პოლიციელების ცუდად მოხსენიებისთვის. ბრალდებულების თქმით, მათ ამ მამაკაცს უთხრეს, რომ თავადაც ჰყავდათ პოლიციელი მეგობრები და არავის შეურაცხყოფა არ ჰქონდათ განზრახული. სიტყვიერი შელაპარაკება გადაიზარდა დაპირისპირებაში, აღნიშნულმა პირმა მათ დაუმიზნა ცეცხლსასროლი იარაღი და ერთ-ერთ მათგანს სცემა.

მამაკაცი, რომელსაც ინციდენტისას ეცვა სპორტული შარვალი და მაისური, აღმოჩნდა პოლიციელი როინ კოჩალიძე. ის ინციდენტის დროს შვებულებაში იყო და სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა, რაც, გამოცემა "ნეტგაზეთის" თანახმად, თავად მისი ჩვენებითაც დასტურდება.

ინციდენტისას ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია და შემთხვევაში მონაწილე სამი პირი გადაიყვანა ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებაში. პოლიციაში მივიდა პოლიციელი როინ კოჩალიძეც. პოლიციის განყოფილებაში დაიკითხნენ ინციდენტის მონაწილეები, ისინი სამხარაულის ბიუროში ალკოტექსტზე გადაიყვანეს და შემდეგ გაათავისუფლეს. საქმის გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით – ფიზიკური ძალადობა.

ინციდენტიდან სამი დღის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ გამოძიების პროცესში მუხლი შეიცვალა და დამძიმდა. პროკურატურამ ინციდენტში მონაწილეებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა ერთი მუხლის მიხედვით წაუყენა, რაც გულისხმობს პოლიციელზე ჯგუფურ თავდასხმას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG