Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლე თამარ ალანია დარწმუნებულია, რომ 14 წლის გოგოს განაჩენი სწორად გამოუტანა


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანია დღესაც დარწმუნებულია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა 14 წლის გვანცა ყუფარაძისთვის შეფარდებულ 10-წლიან სასჯელს დაეთანხმა.

2006 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გვანცა ყუფარაძე დამნაშავედ ცნო თანაკლასელის მკვლელობის მცდელობაში და სასჯელად განუსაზღვრა 5 წლით პატიმრობა და 5 წლით პირობითი მსჯავრი. ამ განაჩენის ძალაში დატოვებას დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანიაც.

23 სექტემბერს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოფიო კილაძემ თამარ ალანიას უთხრა, რომ გვანცა ყუფარაძის საქმეზე საზოგადოებას არაერთი შეკითხვა აქვს, და დაინტერესდა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება და ხომ არ ფიქრობს, რომ 14 წლის ბავშვის მიმართ ასეთი მკაცრი სასჯელი არათანაზომიერი იყო: „მით უფრო, კარგად იცოდით, როცა ამ განაჩენს აწერდით ხელს, რომ ეს იყო სააკაშვილის ციხეები, სადაც ადამიანებს კლავდნენ, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ“.

თამარ ალანია მიიჩნევს, რომ გვანცა ყუფარაძის საქმეზე ნებისმიერი მოსამართლე ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

„მოცემულ საქმეზე არსებული მტკიცებულებებით... მისი დაზარალებულის ჩვენებებით, რომელიც იყო უტყუარი, თანმიმდევრული ყველა ეტაპზე, იმ მოწმეთა ბაზის მიხედვით, რომელიც საქმეში იყო წარმოდგენილი, ასევე, ექსპერტიზის დასკვნებით, უტყუარად დასტურდებოდა ამ პირის ბრალეულობა“, - განაცხადა ალანიამ. მისი ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომაც თქვა, რომ გვანცა ყუფარაძის მიმართ არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლოს უფლება.

„ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ საქმეს როგორც ბრალდებული, ასევე დაზარალებული ჰყავს ხოლმე. ამ საქმეზეც არასრულწლოვანი იყო დაზარალებული და მან რა ტრავმაც გადაიტანა, ალბათ, ეს არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა. იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ არაერთ დაზარალებულს, რომლებიც კანონიერი მსჯავრდების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებებით და ასე შემდეგ, ბოლომდე კმაყოფილები არ არიან, თუკი მიიღეს არასაკმარისი სასჯელი ბრალდებულისათვის, ან რაიმე სხვა გარემოებების გამო, პასუხი არ გაეცა მათ ტკივილს. ამიტომ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იგივე ამ საქმის ამ კონტექსტში განხილვას“, - თქვა ალანიამ.

სოფიო კილაძის შეკითხვას, ხომ არ ფიქრობს, რომ ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამოტანა შეიძლებოდა, თამარ ალანიამ უპასუხა, რომ კარგია, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში არსებობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც გარკვეულ საკითხებს სხვა მიდგომებით წყვეტს, თუმცა, მსგავსი დანაშაულისთვის სასჯელი არ შეცვლილა.

კილაძემ ალანიას ჰკითხა, „როცა ქვეყანაში არის უსამართლო რეჟიმი გაბატონებული და აქვს კანონი, რომელსაც მოსამართლე თავისი შინაგანი რწმენიდან გამომდინარე არ ეთანხმება, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კეთილსინდისიერმა მოსამართლემ?“

„თქვენ თუ ზოგადად, სასჯელზე საუბრობთ, სასჯელის უმართებულობასთან მიმართებაში, ამაზე 2018 წელს საკონსტიტუციო სასამართლომაც იმსჯელა... მოსამართლეს ამ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის განხილვის დროს შეუძლია იმ სანქციის ფარგლებში იმოქმედოს, რომელიც არის წარმოდგენილი კვალიფიკაციის მიხედვით... ამიტომ, მე ეხლა გამიჭირდება, თქვენ რას დებთ, ბოლომდე შეიძლება ვერ ვხვდები. მაგრამ დღეს ანალოგიური სანქცია მოქმედებს ამ ქმედებისათვის“, - განაცხადა მოსამართლე ალანიამ.

2006 წელს გასამართლებულმა გვანცა ყუფარაძემ საპატიმრო დაწესებულება 2011 წლის ნოემბერში დატოვა და ხუთწლიანი პირობითი მსჯავრის მოხდა დაიწყო. 2013 წლის აგვისტოში ყუფარაძემ უარი თქვა ესარგებლა პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით, რომელიც პირობითი მსჯავრისა და ნასამართლეობის გაუქმებას ეხებოდა. „წლების განმავლობაში როდესაც ვთხოვდი, დაინტერესებულიყო ამ საქმით, ათეულობით განაცხადით, ვეუბნებოდი, რომ ვიყავი უდანაშაულო, არსებობდა ამის ფაქტობრივი მტკიცებულებები... ამავე სახის განაცხადით მას მიმართა არაერთმა პოლიტიკოსმა, არაერთმა ჟურნალისტმა - სხვადასხვა სახის ჟურნალისტური გამოძიებებით, იურისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მაგრამ ის ყოველთვის უგულებელყოფდა ასეთი სახის გამოხმაურებას. მისთვის ეს არასოდეს იყო პრიორიტეტი“, - განაცხადა მაშინ გვანცა ყუფარაძემ.

XS
SM
MD
LG