Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარიას დაკითხვასთან დაკავშირებული კითხვა მოსამართლემ არ დაუშვა


20 ივნისის საქმეზე დაკავებულების ადვოკატების შუამდგომლობა, რომ საქმის არსებით განხილვაზე, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია და სხვა თანამდებობის პირები დაიკითხონ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

„დასაბუთება არ არის საჭირო, ვიცით, რომ დაგირეკეს და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება“, - ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლეს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ბრალდებულ ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

მოსამართლის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზიდან შეძახილები - "სირცხვილია" მოჰყვა, რასთან დაკავშირებითაც მოსამართლემ დარბაზში მყოფებს მიმართა და განუცხადა, თუკი თავს ვერ იკავებდნენ, სხდომათა დარბაზი დაეტოვებინათ.

„პატივცემულო მოსამართლე, თავს ვერ იკავებენ კი არა, თქვენ გაფასებენ“, - მიმართა მოსამართლეს ბასილაიამ.

„თქვენ მოსამართლე არ ხართ, თქვენ უბრალოდ მანტიამოსხმული ადამიანი ხართ, რომელიც ასრულებს დაკვეთებს. თქვენ ადამიანური ღირსება არ გაგაჩნიათ. თქვენ ახლა შეგიძლიათ გამაძევოთ, მაგრამ ამას არ აკეთებთ, იმიტომ რომ სწორი ვარ!“ - მიმართა ბასილაიამ მოსამართლეს.

სასამართლო პროცესზე, ბრალდებულ ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა, ბრალდების მხარეს კითხვით მიმართა, დაიკითხა თუ არა 20 ივნისის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია. შეკითხვის დასმის უფლება მან მოსამართლისგან აიღო.

პროკურორებისგან კი მიიღო პასუხი, რომ მას ამ კითხვის დასმის უფლება არ აქვს, ვინაიდან შეკითხვა შუამდგომლობას არ ეხება.

ამ პასუხის მოსმენის შემდეგ, ადვოკატმა მოსამართლეს მიმართა, ჰქონდა თუ არა ამ კითხვის დასმის უფლება, რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ არ ჰქონდა.

„ჩვენ ვითხოვთ, გიორგი გახარია დასაკითხ პირთა სიას დაერთოს, რათა არსებითი განხილვისას დაიკითხოს. დაკითხულია თუ არა ის, ამასთან დაკავშირებით პასუხი ვერ მივიღეთ“, - განაცხადა გელხაურმა.

მისივე განმარტებით, პროკურორებს იმის საფუძველი და არგუმენტი არ წარმოუდგენიათ, თუ რატომ არ უნდა დაიკითხოს გიორგი გახარია და რატომ არ უნდა გასცეს 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით კითხვებს პასუხი.

20-21 ივნისის საქმეზე სულ 18 პირი დააკავეს, მათგან პატიმრობაში 15 რჩება. აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 3 პირს: სოსო ბაჯელიძეს, ვატო გელაშვილსა და ბეჟან ლორთქიფანიძეს შეეფარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG