Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა თანხის წარმოდგენას ითხოვს შენგენის ზონის სხვადასხვა ქვეყანა


2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა შეუძლიათ, ევროპის ქვეყნების საზღვრის კვეთისთვის საკმარისია ბიომეტრიული პასპორტი, დასაბრუნებელი ბილეთი, ინფორმაცია საზღვარგარეთ საცხოვრებელი ადგილის შესახებ, სამოგზაურო დაზღვევა.

მგზავრობისას თან უნდა იქონიოთ დაგეგმილი ვიზიტის პერიოდში ცხოვრებისთვის საკმარისი ფინანსური სახსრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მტკიცებულებაც. ამისთვის კი რამდენიმე გზა არსებობს, მაგალითად:

  • საბანკო ამონაწერი, უკანასკნელი სამი თვის ტრანზაქციებით;
  • საკრედიტო ბარათი;
  • ნაღდი ფული.

ამასთან, შენგენის ზონაში მგზავრობისას, ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა თითოეული ქვეყნის შიდა კანონმდებლობით განისაზღვრება.

ავსტრია

ავსტრიაში ცხოვრებისთვის საკმარისი ფინანსური სახსრების დასამტკიცებლად კონკრეტული დღიური თანხა განსაზღვრული არ არის. ავსტრია ინდივიდუალურად განიხილავს ქვეყანაში შესვლის ყველა მსრუველს.

ბელგია

ბელგიის საიმიგრაციო ოფისის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქემ - თუ სასტუმროში რჩება - უნდა დაამტკიცოს, რომ დღიურად სახარჯო 95 ევრო აქვს. უფრო იაფად დაბინავების შემთხვევაში - დღიურად 45 ევრო.

გერმანია

გერმანია ქვეყანაში შესვლის მსურველთაგან დღიურ 45 ევროს წარმოდგენას მოითხოვს.

დანია

დანიის სამეფოში შესვლის მსურველებს, რომლებიც სასტუმროში აპირებენ დარჩენას, დღიურად სახარჯო 500-მდე დანიური კრონი უნდა ჰქონდეთ. ჰოსტელში დარჩენის, ან უფრო იაფად დაბინავების შემთხვევაში, დანია დღიურად 350 კრონს მოითხოვს. მათთვის ვისაც წინასწარ აქვს ჯავშანი, წარმოსადგენი თანხა კიდევ უფრო მცირდება.

ესპანეთი

ესპანეთში ცხოვრებისთვის საკმარისი ფინანსური სახსრების დღიური ოდენობა განსხვავდება ვიზიტის ხანგრძლივობისა და ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით. 10 დღემდე ვიზიტისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა ფლობდეს ესპანეთის ეროვნული მინიმალური ხელფასის 90%-ს, ანუ თითქმის 574 ევროს. ყოველ დამატებით დღეზე, ვიზიტორს 71-მდე ევრო უნდა ჰქონდეს გათვლილი.

ესტონეთი

ყველა უცხოელმა, რომელსაც ესტონეთში შესვლა სურს, უნდა წარადგინოს მტკიცებულება, რომ დღიურად 100 ევრო აქვს.

ისლანდია

ისლანდიის კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს დღიურად 4 000 ისლანდიური კრონი უნდა ჰქონდეს. ამასთან, ისლანდიის ტერიტორიაზე ყოველი შესვლისას უცხოელმა 20 000 ისლანდიური კრონი უნდა წარადგინოს.

იტალია

იტალიაში ცხოვრებისთვის საკმარისი ფინანსური სახსრების დღიური ოდენობა განსხვავდება ვიზიტის ხანგრძლივობისა და ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით.

  • 5 დღიანი ვიზიტი

თანხის საერთო ოდენობა თითქმის 270 ევრო ერთ ადამიანზე და თითქმის 213 ევრო ორ და მეტ ადამიანზე.

  • 6-10-დღიანი ვიზიტი

დღიური თანხა 45 ევრომდე ერთ ადამიანზე, ხოლო 26 ევრო ორ და მეტ ადამიანზე.

  • 11-20-დღიანი ვიზიტი

საერთო თანხა ერთ ადამიანზე 52 ევრომდე და თითქმის 26 ევრო ორ და მეტ ადამიანზე; პლუს დღიური თანხა 37 ევროს ოდენობით ერთ ადამიანზე, ხოლო 22 ევრო ორ და მეტ ადამიანზე.

  • 20-დღიანი ვიზიტი

საერთო თანხა ერთ ადამიანზე 207 ევრო, ხოლო 119 ევრო ორ და მეტ ადამიანზე; პლუს დღიური თანხა თითქმის 28 ევროს ოდენობით ერთ ადამიანზე, ხოლო 17 ევრო ორ და მეტ ადამიანზე.

ლატვია

ლატვიაში ცხოვრებისთვის საკმარისი ფინანსური სახსრების დღიური ოდენობა 14 ევროა.

ლიეტუვა

​ლიეტუვაში შესვლის მსურველებმა დღიურად 40 ევრო უნდა გაითვალისწინონ.

ლიხტენშტეინი

ლიხტენშტეინის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს დღიური 100 შვეიცარული ფრანკის წარმოდგენა ევალება.

ლუქსემბურგი

ლუქსემბურგი თანხის კონკრეტული რაოდენობის წარმოდგენას არ ითხოვს.

მალტა

მალტაში ცხოვრებისთვის საკმარისი ფინანსური სახსრების დღიური ოდენობა 48 ევროა.

ნიდერლანდი

ნიდერლანდი ქვეყანაში შესვლის მსურველთაგან დღიურად სახარჯო 34 ევროს წარმოდგენას მოითხოვს.

ნორვეგია

ნორვეგიაში ცხოვრებისთვის საკმარისი ფინანსური სახსრების დღიური ოდენობა შეადგენს 500 ნორვეგიულ კრონს, სასტუმროს ხარჯების გარეშე. ამასთან, ეს ოდენობა ოფიციალურად ფიქსირებული არაა და ვიზიტორებს ინდივიდუალურად განიხილავენ.

პოლონეთი

პოლონეთის რესპუბლიკაში სახარჯო თანხის დღიური ოდენობა განსხვავდება ვიზიტის ხანგრძლივობის მიხედვით და საშუალოდ შეადგენს დღეში 22 ევროს (სასტუმროს ხარჯების გარეშე).

პორტუგალია

პორტუგალიაში შესვლის მსურველს უნდა ჰქონდეს დღიურად 40 ევროს ოდენობის თანხა. ქვეყანაში ყოველი შესვლის დროს, უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა წარადგინოს 75 ევრო.

საბერძნეთი

საბერძნეთში უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა წარადგინოს მტკიცებულება, რომ ქვეყანაში დარჩენის პერიოდში ექნება დღეში 50 ევრო.

საფრანგეთი

საფრანგეთში შესვლის მსურველთათვის, რომელთაც სასტუმროს ჯავშნის დამადასტურებელი დოკუმენტი აქვთ, დღიური სახარჯო თანხა 65 ევროა. ჯავშნის არ ქონის შემთხვევაში - 120 ევრო. თუ ადამიანს უფრო იაფი საცხოვრებელი აქვს დაჯავშნილი, ეს თანხა 32,25 ევრომდე მცირდება.

სლოვაკეთი

სლოვაკეთში ცხოვრებისთვის საკმარისი ფინანსური სახსრების დღიური ოდენობა 56 ევროა.

სლოვენია

უცხოელმა, რომელსაც სლოვენიის ტერიტორიაზე შესვლა სურს უნდა წარადგინოს დღიური სახარჯო თანხა 70 ევროს ეკვივალენტი სლოვენურ ტოლარში.

უნგრეთი

უნგრეთის ტერიტორიაზე ყოველი შესვლისას უცხო ქვეყნის მოქალაქემ თან უნდა იქონიოს 1 000 უნგრული ფორინტი.

ფინეთი

ფინეთის რესპუბლიკაში ცხოვრებისთვის საკმარისი ფინანსური სახსრების დღიური ოდენობა 30 ევროა.

შვედეთი

​შვედეთის ტერიტორიაზე შესვლის მსურველმა უცხოელმა უნდა წარადგინოს მტკიცებულება, რომ აქვს დღიური სახარჯო თანხა 450 შვედური კრონას, ან 48 ევროს ოდენობით.

შვეიცარია

შვეიცარიის კონფედერაციაში ფინანსური სახსრების დასამტკიცებლად დღიური თანხის დღიური ოდენობა შეადგენს 100 შვეიცარულ ფრანკს. სტუდენტების შემთხვევაში ეს თანხა 30 შვეიცაურულ ფრანკამდე მცირდება.

ჩეხეთი

ჩეხეთის რესპუბლიკაში ფინანსური მდგომარეობის დასადასტურებლად უცხო ქვეყნის მოქალაქეს უნდა ჰქონდეს დღიურად 1 100 ჩეხური კრონა.

მოგზაურობის დაგეგმვამდე, დაუკავშირდით იმ ქვეყნის საელჩოს ან საკონსულოს, რომელში გამგზავრებაც გსურთ და ითხოვეთ განახლებული მონაცემები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG