Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: საქართველო მედეას სამშობლოა და „გასაკვირი არ არის, რომ ჩვენ ტრადიციულად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჯანდაცვას“


გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე 25 სექტემბერს გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სხვა საკითხებთან ერთად, ჯანდაცვის პრობლემებზეც ილაპარაკა.

ზურაბიშვილის სიტყვებით, საქართველო მედეას სამშობლოა და „გასაკვირი არ არის, რომ ჩვენ ტრადიციულად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჯანდაცვას.“

მისი თქმით, საქართველოს ჰყავს ბრწყინვალე ექიმები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობენ. ქვეყანა უფრო და უფრო მეტად პოპულარული ადგილი ხდება სამედიცინო ტურიზმისათვის თავისი მრავალრიცხოვანი თერმული კურორტების წყალობით, რომელთა მოდერნიზაცია ხორციელდება ამჟამად.

„ჩვენ გვწამს, რომ ჯანმრთელობა ყოველი ადამიანის ხელშეუხებელი უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს საყოველთაო და ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურება“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ამ ხელშეუხებელ უფლებას დღეს საფრთხე ემუქრება მკურნალობისა და მედიკამენტების ფასების ზრდის გამო. მისი თქმით, მედიკამენტებზე „ფასების ზრდა ტვირთად აწევს სოციალურ ბიუჯეტს, საზოგადოებრივ სამსახურებსა და ცალკეული მოქალაქეების პირად რესურსებს“.

სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევაზე:

„2013 წლიდან მოყოლებული საქართველომ პოლიტიკური არჩევანი გააკეთა ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის სისტემის სასარგებლოდ. ჯანდაცვაზე გამოყოფილი ბიუჯეტი სამჯერ გაიზარდა სხვა სექტორებთან შედარებით და ჩვენი მოქალაქეების 90 %-ს ხელი მიუწვდება პირველადი ჯანდაცვის სისტემის მომსახურებაზე. ჩვენ სერიოზული მიღწევები გვაქვს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის კუთხით, ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმების მკურნალობის სფეროში; შიდსი/აივ თითქმის დაძლეულია“.

საქართველოს პრეზიდენტი შეეხო ქვეყანაში C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლას:

„საქართველოში წარმატებით განხორციელდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ჯანმო-სა და სხვა კერძო სექტორის პარტნიორების მხარდაჭერით, რითაც ეროვნული მასშტაბით ქრონიკული დაავადების დაძლევის მსოფლიოში პირველი პრეცედენტი შეიქმნა.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG