Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვი მხარს უჭერს საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „კომერსტანტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ, მისი აზრით, შესაძლებელია აღდგეს რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა, რომელიც მოსკოვმა ივლისში შეწყვიტა.

„მე ამ რეისებს ალბათ აღვადგენდი. ვფიქრობ, ეს სწორი იქნებოდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა გააცნობიერა იმ გამოხდომის კონტრპროდუქტიული და პროვოკაციული ხასიათი, რომელიც მოხდა საქართველოს პარლამენტში, როცა იქ იმართებოდა მართმადიდებელთა საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა“, თქვა ლავროვმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი წელს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას გეგმავდა. „ეს არ იყო იოლი. ამის მომზადების პროცესი ცნობილი მიზეზების გამო რთული იყო. მაგრამ საბოლოო ჯამში ვლადიმირ პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამაზე წავალთ, რათა ხალხები ურთიერთობდნენ, გაჩნდეს კონტაქტები, განვითარდეს ტურიზმი. ამ ივნისის გამოხდომამ, რა თქმა უნდა, მთელი პროცესი უკან დახია,“ თქვა ლავროვმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ვიზების გაუქმებაზე უარი მომავალში გადახედულ იქნება: „საქართველოში გაჩნდნენ და პოზიციებს იმაგრებენ შერაცხადი პოლიტიკოსები. ვნახოთ, როგორ წავა საქმე“.

საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები 2019 წლის ივნისში გამწვავდა, როცა მართმადიდებელთა საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაზე, რომელიც თბილისში ჩატარდა, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა.

ამ მოვლენას მოჰყვა სამთვიანი საპროტესტო აქციები თბილისში, პარლამენტის შენობის წინ. საპროტესტო მოძრაობა სხვადასხვა ფორმით კვლავ გრძელდება.

ივნისის მოვლენების შემდეგ თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები უკიდურესად გამწვავდა. რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა. ეს აკრძალვა დღემდე ძალაშია.

XS
SM
MD
LG