Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები გამოიკითხებიან


საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული სამი პირის შეწყალების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დღეს გენერალურ პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ელოდებიან.

უწყებაში დაბარებულები არიან დავით კაშია, ნინო კალანდაძე, ნინო შარაშიძე, დიანა ტაბატაძე-რეხვიაშვილი და ზინაიდა ვერულაშვილი.

საქმეზე უკვე გამოიკითხნენ მოკლული იოსებს ქოიავას მამა, თამაზ ქოიავა; დავით ოთხმეზურის მამა, გიორგი ოთხმეზური და თარაშ მუკბანიანის მეუღლე, თამარ კაცაძე.

გამოძიების კითხვებს პასუხები გასცეს ასევე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ანგი ხუციშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.

განსაკუთრებული უკმაყოფილება მოჰყვა ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, რამაზ დევაძის შეწყალებას.

შედეგად, სალომე ზურაბიშვილი შეწყალების საკითხის დარეგულირების მიზნით, ახალი ინიციატივით გამოვიდა.

16 სექტემბერს კი ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეწყალებულთა შორის არის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.

17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა მკვლელობაში მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძე.

20 სექტემბერს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG