აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა ხუთ პირს, რომლებიც 16 წლის ბიჭის მე-9 სართულიდან გადმოვარდნის საქმეზე დააკავეს, - ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში 28 სექტემბერს გამართულ სხდომაზე.
დაკავებულებს ბრალად ედებათ არასრულწლოვნის ძარცვა, რის შემდეგაც 16 წლის გ.ყ.-მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ ფაქტის გამო სულ დაკავებულია 6 პირი.
ვარკეთილის მე-3 მასივში მომხდარი შემთხვევის გამო დაკავებულ კიდევ ერთ პირს, 1999 წელს დაბადებულ გ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მანამდე ჰქონდა შეფარდებული. წარსულში ქურდობისა და ძარცვისთვის ნასამართლევ გ.მ.-ს ამჟამად, ძარცვასთან ერთად, ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია „ნაგანის“ ტიპის რევოლვერი და საბრძოლო ვაზნები.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, ვარკეთილის მე-3 მასივში, 2003 წელს დაბადებულ გ.ყ.-ს მეგობრების თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დამამცირებელ გარემოებაში, ძალის გამოყენებით წაართვეს მობილური ტელეფონი. აღნიშნული ფაქტის შემდეგ არასრულწლოვანმა თავი მოიკლა“, - ვკითხულობთ შს სამინისტროს განცხადებაში.
შს სამინისტროს ცნობით, „გამოძიება მიმდინარეობს ძარცვის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე, თვითმკვლელობამდე მიყვანის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით“.
28 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობები ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებასთან ანდა გირაოს გამოყენებასთან დაკავშირებით. დაკავებულებს შორის ორი არასრულწლოვანია - ისინი ბრალს არ აღიარებენ.