Accessibility links

ქართველმა მორაგბეებმა მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს


საქართველოს სარაგბო ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე პირველი თამაში მოიგო და ამ რანგის შეჯიბრებაზე პირველად შეძლო პრემიალური ქულის აღება. დღეს, ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში „ბორჯღალოსნები“ ურუგვაის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 33:7 დაამარცხეს.

პირველ ტაიმში მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი შეიტანეს სანდრო თოდუამ და ოთარ გიორგაძემ. თედო აბჟანდაძემ ერთი გარდასახვა გამოიყენა. ერთი ლელო ურუგვაელებმაც გაიტანეს და მილტონ ჰეიგის გაწვრთნილი გუნდი შესვენებაზე ხუთქულიანი უპირატესობით გავიდა - 12:7.

მეორე ტაიმში ქულები მხოლოდ საქართველოს ნაკრებმა აიღო, ლევან ჩილაჩავას, ჯაბა ბრეგვაძისა და გიორგი კვესელაძის ლელოებით და აბჟანდაძის სამი ზუსტი გარდასახვით.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ოთარ გიორგაძე დასახელდა.

მსოფლიო თასის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები უელსთან დამარცხდა - 14:43. ურუგვაელებმა კი ფიჯის აჯობეს - 30:27. ამავე ჯგუფშია ავსტრალიის ნაკრებიც.

3 ოქტომბერს, „ბორჯღალოსნები“ მესამე ტურში ფიჯის დაუპირისპირდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG