მსახიობ ეკა ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით დაკავებულ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარის გირაოს გადახდა დააკისრა, პატიმრობის უზრუნველყოფით.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული პირი, 56 წლის მამაკაცი, მიმდინარე წლის 28 სექტემბერს დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 236- მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს. ეს მუხლები იძულებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ბრალდების მხარის თანახმად, დაკავებული 2 წლის განმავლობაში იცნობდა ეკა ჩხეიძეს. იგი პერიოდულად მიდიოდა მის სახლსა და სადარბაზოსთან და მსახიობს ქორწინებას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იმუქრებოდა, რომ თავს მოიკლავდა. 28 სექტემბერს ბრალდებულმა ეკა ჩხეიძის სადარბაზოსთან თვითმკვლელობის მუქარით გაისროლა. ინციდენტის შესახებ პოლიციას თავად მსახიობმა შეატყობინა:
„ათასჯერ გავაფრთხილე, იცოდე, გიჩივლებ, გაჩერდი, დაწყნარდი, ნუ მოდიხარ, ნუ მელოდები სადარბაზოსთან-მეთქი და ბოლოს, მაიძულა, ასე მოვქცეულიყავი. სროლა უკვე კულმინაცია იყო“, - უთხრა ეკა ჩხეიძემ „ინტერპრესნიუსს“.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 31 ოქტომბერს, 11 საათზე დაინიშნა.