Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამოუკიდებელი მედიასაშუალებები მხარდაჭერას უცხადებენ ბრალდებულ რუს ჟურნალისტს


ათზე მეტი მედიასაშუალება აქვეყნებს რუსი ჟურნალისტის, სვეტლანა პროკოპიევას ღია წერილს, რომელშიც ის წერს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე „სიტყვის თავისუფლების მკვლელობაა“.

პროკოპიევას ბრალად ედება „ტერორიზმის გამართლება“ და მას შვიდწლიანი პატიმრობა ემუქრება რუსეთის „უშიშროების ფედერალური სამსახურის“ მისაღებში აფეთქების მოწყობის თაობაზე გამოთქმული მოსაზრების გამო.

1 ოქტომბერს მან გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელიც დაბეჭდეს „მედიაზონამ“, „ემ-ბე-ხა-მედიამ“ და კიდევ რამდენიმე გამოცემამ.

„ჩემი მაგალითის შემყურე, ათეულობით და ასეულობით ჟურნალისტი ვერ ბედავს დროულად სიმართლის თქმას“, - წერს ჟურნალისტი თავის ღია წერილში.

2019 წელს პროკოპიევას წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის გამართლების მუხლით. მის ბინაში ჩატარდა ჩხრეკა. ჟურნალისტის გვარი შეიტანეს ტერორისტების და ექსტრემისტების სიაში, გაყინეს მისი საბანკო ანგარიშები.

სისხლისსამართლებრივი დევნის მიზეზი იყო მისი მოსაზრებები 17 წლის მოზარდის საქციელის შესახებ, რომელმაც 2018 წლის ნოემბერში თვითნაკეთი მოწყობილობა ააფეთქა უშიშროების სამსახურის შენობასთან და თვითონ დაიღუპა. პროკოპიევას აზრით, ეს ქცევა შეიძლებოდა პროვოცირებული ყოფილიყო პოლიტიკური რეჟიმის რეპრესიული მოქმედებით.

ღია წერილში ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მხოლოდ გაუმტკიცდა აზრი, რომ სახელმწიფო ადასტურებს მის თეზას. პროკოპიევა არ აღიარებს დანაშაულს და ამტკიცებს, რომ ტერორიზმს კი არ ამართლებს, არამედ ტერაქტის მიზეზების გაანალიზებას ცდილობს.

1 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ლინგვისტიკის ექსპერტების დასკვნით, მათ ვერ მიაგნეს პროკოპიევას ტექსტში „ტერორიზმის გამართლების ნიშნებს“.

ამის თაობაზე ცნობას „ტელეგრამით“ ავრცელებს „აგორას“ ხელმძღვანელი პაველ ჩიკოვი.

XS
SM
MD
LG