Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კახიანი: კარგია, რომ სემეკ-ის თავმჯდომარის გამწესება არასწორი ფორმით არ მოხდა


გიორგი კახიანი
გიორგი კახიანი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის შეფასებით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევის დროს გაჩენილი კითხვები ლეგიტიმურია. მისი თქმით, კანონი, რომლითაც თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენა მოხდა, არაკონსტიტუციურია:

„არაკონსტიტუციური კანონი უნდა გამოსწორდეს და მასში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდეს. გამომდინარე აქედან, ძალიან მალე კანონის ინიცირება გვექნება, კანონს დაჩქარებული წესით განვიხილავთ. რეგულაციები, რომელიც ახალი თავმჯდომარის არჩევის წესთან დაკავშირებით იქნება შემოთავაზებული, იქნება კონსტიტუციასთან შესაბამისი“, - აღნიშნა პარლამენტში ჟურნალისტებთან კომენტარში გიორგი კახიანმა. იგი ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით შეიქმნება რეგულაცია, რომლის მიხედვით კომისიის წევრებს პრეზიდენტი წარადგენს, თავმჯდომარის არჩევა კი თავად კომისიის პრეროგატივა იქნება. მისივე თქმით, კარგია, რომ სემეკ-ის თავმჯდომარის გამწესება არასწორი ფორმით არ მოხდა.

„ფაქტია, უნდა ვაღიაროთ, რომ შეცდომა გაიპარა, ეს რატომ მოხდა, მოდით, ამაზე ნაკლები ვილაპარაკოთ. მთავარია, რომ დრულად მოხდა შეცდომის იდენტიფიცირება და ყველაფერი გამოსწორდება ისე, როგორც კონსტიტუცია მოითხოვს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

პარლამენტმა 1 ოქტომბერს გადადო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურის კენჭისყრა.

კენჭისყრა მას შემდეგ გადაიდო, რაც „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს სემეკ-ის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის კონსტიტუციური უფლება არ აქვს და მხოლოდ წევრების წარდგენა შეუძლია.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარი 23 სექტემბერს დაუჭირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG