„ქვეყნის სამსახურში“ - ამ სახელწოდების ქვეშ გაერთიანებულმა სამოქალაქო აქტივისტებმა გლდანის ციხესთან აქცია გამართეს. ისინი 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დაშლის შემდეგ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულებს მხარდაჭერას უცხადებენ.
აქციის ორგანიზატორებმა ციხესთან პლაკატები და ხმის გამაძლიერებელი მიიტანეს, რათა პატიმრებისთვის ხმა მიეწვდინათ.
აქციაზე მისული იყო დაკავებული ბესიკ თამლიანის დედაც, რუსუდან თამლიანმა შვილს შიმშილობის შეწყვეტის თხოვნით მიმართა.
„დედი, ნუ გეშინია, ყველანი შენს გვერდით ვართ, გამაგრდი და შიმშილი მიატოვე, როცა ქვეყანა სამართლიანი და დემოკრატიულია, იქ შეგიძლია იშიმშილო. აქ, დედიკო, შიმშილს აზრი არ აქვს, გამაგრდით, ბიჭებო, ყველანი მალე გარეთ იქნებით“, - მიმართა რუსუდან თამლიანმა დაკავებულებს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა დაკავებულთა გვარები წაიკითხა და მათ მიმართა „თქვენ არ ხართ მარტო, სიმართლისთვის ბრძოლა აუცილებლად სიმართლის გამარჯვებით დასრულდება, გამაგრდით!“
20-21 ივნისის ღამით ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალი 19 პირს წაუყენეს.