Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია ლაზაშვილის ქმარი, გიორგი ფრუიძე კომუნიკაციების კომისიას ტოვებს


სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ს მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის ნათია ლაზაშვილის ქმარმა გიორგი ფრუიძემ პარლამენტს ოფიციალურად მიმართა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.

როგორც კომისიის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ფრუიძემ განცხადება 3 ოქტომბერს წარადგინა.

საქართველოს კომუნიკაციების კომისია მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელი ორგანოა. მისი უფლებაა, მაგალითად, გასცეს ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზია ან დააჯარიმოს მაუწყებელი კონკრეტული დარღვევის გამო.

მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად, კომუნიკაციების კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს ადამიანი, რომლის ოჯახის წევრიც ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს (მუხლი 11, პუნქტი 4).

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 2018 წლის განმავლობაში გიორგი ფრუიძემ კომუნიკაციის ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე შრომის ანაზღაურების სახით 192 488 ლარი აიღო.

გიორგი ფრუიძე საქართველოს კომუნიკაციების კომისიის წევრი 2015 წლიდანაა. მისი ცოლი, ნათია ლაზაშვილი კი „რუსთავი 2“-ში დაბრუნდა და 25 სექტემბერს „კურიერი“ 9 საათზე სწორედ მასთან ერთად გავიდა ეთერში.

XS
SM
MD
LG