Accessibility links

ახალი ამბები

NATO-საქართველოს კომისიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა

ალიანსის ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს (NAC) დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ბათუმში NATO-ს-საქართველოს კომისიის სხდომა ჩატარდა. ღონისძების თავმმჯდომარეები საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი თავმჯდომარეობდნენ.

კომისიამ სხდომის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

1. დღეს, ბათუმში საქართველოს პრემიერ მინისტრის მონაწილეობით გაიმართა NATO-საქართველოს კომისიის სხდომა (NGC) ელჩების დონეზე. მოკავშირე ელჩებმა და ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნეს ალიანსთან საქართველოს ურთიერთობების უნიკალური მასშტაბი და სიღრმისეულობა. მოკავშირეები მიესალმნენ უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის, ეკონომიკური განვითარების, თავდაცვითი ინსტიტუტების ეფექტურობის გაზრდისა და თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის კუთხით მიღწეულ არსებით პროგრესს. საქართველოს ახალი მთავრობა მოწოდებულია განაგრძოს აღნიშნული რეფორმების განხორციელება.

2. ხვალ, ჩრდილოატლანტიკური საბჭო შეხვდება პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებსა და მთავრობის წარმომადგენლებს. ისინი ასევე შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოებას. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ოფიციალური ვიზიტი, მოკავშირე ელჩებისთვის კარგი შესაძლებლობაა აღნიშნონ ბოლო 5 წლის განმავლობაში NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მიღწეული წარმატება. მიღებულ იქნა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განახლებისა და გაუმჯობესების გადაწყვეტილება. ელჩები აპირებენ ადგილზე გაეცნონ საქართველოს რეფორმებს თავდაცვის სფეროში, შიდა პოლიტიკურ რეფორმებს და NATO-საქართველოს ურთიერთობის ყველა ასპექტს, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს და განიხილონ სამომავლო პრიორიტეტები.

3. საქართველო, ოპერაციებში მონაწილეობის თვალსაზრისით, ალიანსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ასევე არის NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი. მოკავშირეები დიდად აფასებენ საქართველოს ურყევ მხარდაჭერას NATO-ს ოპერაციებისა და მისიებისადმი. კერძოდ, საქართველოს მონაწილეობას NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებსა და მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (RSM), როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი. ჩვენ ქედს ვიხრით ქართველი ხალხის მიერ საერთო უსაფრთხოების განმტკიცებისთვის გაღებული მსხვერპლის წინაშე და მადლიერებას გამოვხატავთ საქართველოს წვლილისთვის. ეს ძალისხმევა, საქართველოს ევროკავშირის ოპერაციებში მონაწილეობასთან ერთად, წარმოაჩენს საქართველოს ერთგულებას და მის შესაძლებლობას საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთო ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში.

4. NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის 5 წლისთავის აღნიშვნისას, მოკავშირე ელჩებმა და საქართველომ აღიარეს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის წარმატება, რომელიც საქართველოს, NATO​-სა და პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად იქნა მიღწეული. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა და NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი (JTEC) წარმატებით ფუნქციონირებს და NATO მხარს უჭერს მათ მნიშვნელოვან მიზნებსა და ამოცანებს. ჩვენ მივესალმებით NATO-საქართველოს სწავლებას, რომელიც 2019 წლის მარტში, NATO-ს 21 წევრი და 3 პარტნიორი ქვეყნის მონაწილეობით ჩატარდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს გენერალურმა შტაბმა და JTEC-მა, NATO-ს სტანდარტებზე დაყრდნობით, ერთობლივად დაგეგმეს და წარუძღვნენ კრიზისებზე რეაგირების მრავალეროვნულ სწავლებას. ჩვენ, ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით და “NATO-ს ერთობლივი ძალების სწავლების ცენტრის“ მხარდაჭერით, ვემზადებით მორიგი, 2022 წლის NATO-საქართველოს სწავლებისთვის. ამასთანავე, მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი სხვა ინიციატივების განხორციელების კუთხითაც. მოკავშირეები მომავალშიც განაგძობენ არსებითი პაკეტის მხარდაჭერას. ამ კონტექსტში, ახლახანს გაცხადებული იქნა ახალი სფეროები, სადაც მიმართული იქნება მათი მხარდაჭერა. NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოში თავდაცვის რეფორმების განხორციელებას, NATO-სთან თავსებადობის ამაღლებას და საქართველოს მედეგობის გაძლიერებას.

5. NATO და საქართველო მზად არიან კიდევ უფრო გააღრმაონ ეს თანამშრომლობა. ბოლო 5 წლის წარმატებაზე დაყრდნობით, მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ 2020 წელს NATO​-მ და საქართველომ, გაუმჯობესებისა და გაძლიერების მიზნით, უნდა გაანახლონ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი.

6. NATO აფასებს საქართველოს ჩართულობასა და შეტანილ წვლილს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების შესახებ სტრატეგიულ დისკუსიებსა და სიტუაციურ ანალიზში. ამ მიმართულებით NATO კიდევ უფრო ავითარებს დიალოგსა და პრაქტიკულ თანამშროლობას საქართველოსთან, მათ შორის არსებითი პაკეტის ფორმატშიც. NATO-ს 2019 წლის აპრილის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რამდენიმე ახალი მიმართულება უკვე იქნა ინიცირებული. NATO მიესალმება საქართველოს ძალისხმევას კიდევ უფრო გააძლიეროს NATO-სა და წევრი ქვეყნებისთვის ლოგისტიკური მხარდაჭერა. NATO-მ გაზარდა საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის, სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფების წვრთნის, NATO-ს საზღვაო შენაერთებსა და საქართველოს სანაპირო დაცვას შორის ურთიერთქმედების გაზრდის, საპორტო ვიზიტების, სწავლებებისა და სიტუაციური ანალიზის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებებით. მოკავშირეები მიესალმებიან საქართველოს ძალისხმევას გააუმჯობესოს ახლად შეძენილი საპატრულო კატარღების თავსებადობა NATO-სთან.

7. მოკავშირეთა ელჩები მიესალმებიან საქართველოს თვალსაჩინო პროგრესს თავდაცვის დანახარჯებისა და ყოვლისმომცველი რეფორმების კუთხით, რომელიც მიმართულია საქართველოს თავდაცვისა და მედეგობის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ.

8. საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს მისწრაფებას გახდეს NATO-ს წევრი, რაც მისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია და მოსახლეობის ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს. მოკავშირეები ადასტურებებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) არის ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი; მოკავშირეები კვლავ ადასტურებენ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე როგორც - შემდგომ გადაწყვეტილებებს. ელჩები მიესალმებიან 2008 წლის შემდგომ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ალიანსთან საქართველოს ურთიერთობა, საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად, ყველა პრაქტიკულ მექანიზმს მოიცავს. კონკრეტულად, NATO-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა და NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი. მოკავშირეები აღიარებენ საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების გზაზე და მოუწოდებენ საქართველოს შეინარჩუნოს ეს პროგრესი. აღნიშნული რეფორმები ეხმარება საქართველოს, როგორც ასპირანტ სახელმწიფოს, მიაღწიოს პროგრესს წევრობისთვის მომზადების პროცესში, რაც ასევე აძლიერებს საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებს და ამაღლებს ალიანსთან თავსებადობას.

9. მოკავშირეები ადასტურებენ სრულ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს, უარი თქვას საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ გადაწყვეტილებაზე. ვგმობთ ადამიანის უფლებათა დარღვევის მძიმე შემთხვევებს, რომელებსაც ადგილი აქვთ აღნიშნულ რეგიონებში, ასევე ამ რეგიონების მილიტარიზაციას, მავთულხლართების ღობეების და ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ სხვა ხელოვნური, საზღვრის მსგავსი დაბრკოლებების მშენებლობის განახლებას. ეს ნაბიჯები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და უხეშად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ეუთოს პრინციპებს და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, კერძოდ, გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან საკუთარი ძალები, რომლებიც იქ იმყოფებიან საქართველოს თანხმობის გარეშე, და საშუალება მისცეს ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შექმნას. მივესალმებით საქართველოს მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას და ძალის გამოუყენებლობის თაობაზე ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას და მოვუწოდებთ რუსეთს, გადადგას საპასუხო ნაბიჯები. მოკავშირეები არ აღიარებენ ე. წ. არჩევნებს, რომლებიც საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ივნისსა და აგვისტოში ჩატარდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ჩართულობისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ქმედებებს და მივესალმებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომ მოახდინოს ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იმპლემენტაცია. ასევე მივესალმებით საქართველოს ძალისხმევას გააუმჯობესოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონე. მოკავშირეები მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატს, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირი, გაერო და ეუთო. ასევე ხაზს უსვამენ საკვანძო საკითხებზე ხელშესახები შედეგების მიღების აუცილებლობას მოლაპარაკებათა პროცესში, რათა მოხერხდეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

10. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა NATO-საქართველოს ყოვლისმომცველი და განგრძობითი ურთიერთობის გამოხატულებაა. მომავალში ჩვენ ველით, რომ NATO-საქართველოს კომისია კვლავ შეასრულებს მთავარ როლს საქართველოსა და ალიანსს შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებასა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებაში.

11. მოკავშირეები მადლიერებას გამოხატავენ ვიზიტის დროს საქართველოს მიერ გაწეული განსაკუთრებული მასპინძლობისთვის.

NATO-საქართველოს კომისიის მიზნებია გააღრმავოს პოლიტიკური დიალოგი და თანამშრომლობა NATO-სა და საქართველოს შორის ყველა შესაბამის დონეზე;

ზედამხედველობა გაუწიოს NATO-ს ბუქარესტის სამიტზე დაწყებული პროცესის წარმართვას;

კოორდინაცია გაუწიოს ალიანსის ძალისხმევას, ხელი შეუწყოს საქართველოს ბოლოდროინდელი კონფლიქტის შედეგების აღმოფხვრას;

ხელი შეუწყოს საქართველოს ძალისხმევას, გააგრძელოს NATO-ში გაწევრიანების მიზნით მის ევროატლანტიკურ მისწრაფებასთან დაკავშირებული პოლიტიკური, ეკონომიკური და თავდაცვის რეფორმები, მიმართული დემოკრატიული და ინსტიტუციონალური მიზნების მისაღწევად.

ყველა ახალი ამბავი

დღეს გაირკვევა დატოვებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ 6 დეპუტატი

დღეს, 15 ნოემბერს უნდა გაირკვეს, დატოვებენ თუ არა საპარლამენტო უმრავლესობას ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ წევრები. ამ ფრაქციაში 6 დეპუტატია: გიგა ბუკია, მუხრან ვახტანგაძე, რუსლან გაჯიევი, ნინო გოგუაძე, პაატა კვიჟინაძე და ზვიად ძიძიგური. კონსერვატორების ოფისში ბრიფინგი 12 საათზე გაიმართება.

14 ნოემბერს დეპუტატმა ნინო გოგუაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ჩავარდნა მათთვის მოულოდნელი იყო, რადგან ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომელზეც შეთანხმდნენ.

14 ნოემბერს ნინო გოგუაძე შეხვდა თამარ ჩუგოშვილს, რომელმაც უმრავლესობა და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება.

14 ნოემბერს უმრავლესობა დატოვა კიდევ 8 დეპუტატმა: თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ირინე ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილმა, მარიამ ჯაშმა და გიორგი ბეგაძემ.

თუ საპარლამენტო უმრავლესობას კონსერვატორების ფრაქციის 6 წევრიც დატოვებს, "ქართული ოცნების" უმრავლესობაში 89 დეპუტატი დარჩება.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა სულ მცირე 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს, ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, "ქართული ოცნების" უმრავლესობას წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის და ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ღამე კარვებში გაათენეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტთან კარვები 14 ნოემბერს ღამით გაშალეს

გასული ღამე საქართველოს პარლამენტთან გაშლილ კარვებში გაათენა მოძრაობების „სირცხვილია“-ს და „შეცვალე“-ს რამდენიმე ათეულმა აქტივისტმა. რუსთაველის გამზირზე ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მიშა მშვილდაძემ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ დღეს ხელისუფლებას შესთავაზებენ "უკიდურესად კონსტრუქციულ წინადადებას", კერძოდ ვერსიას, თუ როგორ არის შესაძლებელი არა საკონსტიტუციო უმრავლესობით, არამედ უბრალო უმრავლესობით, 76 ხმით იგივე შედეგის მიღება, რასაც პროპორციული არჩევნების შემთხვევაში მივიღებდით. მშვილდაძის ინფორმაციით, ბრიფინგი სავარაუდოდ, 12 საათზე გაიმართება.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მას შემდეგ განახლდა, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა სულ მცირე 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს, ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, "ქართული ოცნების" უმრავლესობას წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები „ქართულ ოცნებას“ და მის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ ხალხის მოტყუებაში და მოითხოვენ მთავრობის გადადგომას და ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს.

PACE: საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაშლა უკან გადადგმული ნაბიჯია

ევროპის კავშირის საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) „ღრმა სინანული“ გამოხატა იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა ვერ მოახერხა გაეტარებინა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც საჭირო იყო სრულად პროპორციული სისტემის შემოსაღებად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

„გულდასაწყვეტია ამ ცვლილებებისადმი არასათანადო მხარდაჭერა. პროპორციული სისტემის შემოღებას ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ითხოვს ყველა დაინტერესებული მხარე და მისი შემოღება დიდი ხნის წინ იყო საჭირო,“ ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების, ტიტუს კორლეციანისა და კლოდ კერნის განცხადებაში.

„მაშინ, როცა ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის მკაფიო კონსენსუსია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ამ სისტემის შემოღების აუცილებლობის თაობაზე, გაუგებარია, რატომ ჩაიშალა საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება. ეს უკან გადადგმული ნაბიჯია,“ წერენ თანამომხსენებლები.

ისინი ყველა მხარეს, განსაკუთრებით უმრავლესობას, მოუწოდებენ, გამონახონ გზები, რათა მაინც მოხერხდეს საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება 2020 წლის არჩევნებამდე.

გავრილოვი: საქართველომ ბოდიში უნდა მოუხადოს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას

სერგეი გავრილოვი

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის თქმით, საქართველომ ბოდიში უნდა მოუხადოს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას მსა-ის სესიის ჩაშლისთვის მიმდინარე წლის ზაფხულში. ეს განცხადება გავრილოვმა ხუთშაბათს გააკეთა მსა-ის სამდივნოს სხდომაზე, რომელიც 14-15 ნოემბერს იმართება ათენში.

20 ივნისს ჩაიშალა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომა, რომელსაც თბილისმა უმასპინძლა. პროტესტი გამოიწვია იმან, რომ სერგეი გავრილოვი, რომელიც სხდომას თავმჯდომარეობდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. ამ ინციდენტს მოჰყვა ფართო მასშტაბის საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც მრავალი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს პარლამენტის წინ.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა საბერძნეთის პარლამენტის ინიციატივით შეიქმნა 1994 წელს. საქართველოს პარლამენტი ასამბლეაში 2013 წელს გაწევრიანდა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში გაერთიანებულია ევროპის, აზიის, აფრიკისა და ამერიკის 25 ქვეყანა.

კობახიძე: ამ პოლიტიკური ლუსტრაციის პირობებში 60% კი არა, შეიძლება, 90% ავიღოთ

„სულ ორი ძალა დგას გარეთ - ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით და პრორუსული ძალები. მადლობა იმისთვის, რომ ერთად დადგნენ ანუ საკუთარი სახე გამოაჩინეს. ყველა - ორივე პოლიტიკური ძალა დგას ქუჩაში“, - თქვა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

შეკითხვაზე, რომელი პოლიტიკური ძალა არ დგას ქუჩაში? ვინ არ დგას?

კობახიძე პასუხობს: „ხალხი არ დგას. ხალხი დგას „ქართული ოცნების“ უკან“.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ არის ის ძალა, რომელმაც 2012 წლიდან მოყოლებული ყველა არჩევნებში მიიღო ხალხის მხარდაჭერა. ის აზუსტებს, რომ ყოველი მეორე ამომრჩეველი ხმას აძლევს „ქართულ ოცნებას“.

„შემდეგ არჩევნებში ამ შედეგის კიდევ უფრო გაუმჯობესება გვინდა და ეს ასეც იქნება. ლუსტრაცია ხდება ამ პოლიტიკური ძალების. 60%-ზე, რომ ვლაპარაკობდით, ამ პოლიტიკური ლუსტრაციის პირობებში 60% კი არა, შეიძლება, 90% ავიღოთ. წარმოიდგინეთ, სადაც „ნაცმოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ერთად დგას, ამ ლუსტრაციის პირობებში შეიძლება, იმხელა პროცენტი ავიღოთ, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარება მოგვიწიოს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო.

პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას მართავენ.

დეპუტატი გიორგი ბეგაძე „ქართულ ოცნებას“ და უმრავლესობას ტოვებს

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც 14 ნოემბერს პარლამენტში გამართულ კენჭისყრას არ დასწრებია, პარტია „ქართულ ოცნებას“ და საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს.

„დარწმუნებული ვიყავი, რომ შევძლებდით საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიცემული პირობის შესრულებას!

სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ ვესწრებოდი ბოლო დღეების სხდომებს და ვერც ვხედავდი რაიმე განსაკუთრებულ რისკს, რომ საკითხს არ ექნებოდა საკმარისი მხარდაჭერა.

მოცემული რეალობიდან გამომდინარე, მიწევს ჩემთვის რთული გადაწყვეტილების მიღება.

დღეიდან ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას და შესაბამისად, უმრავლესობის პარტიას“, - წერს გიორგი ბეგაძე „ფეისბუკზე“.

საპარლამენტო უმრავლესობა 14 ნოემბერს გიორგი ბეგაძის გარდა რვა დეპუტატმა (მარიამ ჯაშმა, თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ზაზა ხუციშვილმა და ირინე ფრუიძემ) დატოვა.

დეპუტატების პროტესტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ჩააგდებას მოჰყვა.

#შეცვალე - აქტივისტებმა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან წარწერა დატოვეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას რამდენიმე აქტივისტი გამოეყო და ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მსვლელობა მოაწყო. დემონსტრანტებს პოლიცია გაჰყვა. მათ სამართალდამცველები პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის სახლთანაც დახვდნენ.

აქტივისტებმა პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ორ ადგილზე შეძლეს დაეწერათ #შეცვალე.

საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის თქმით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხს შეისწავლიან და ზომებს მიიღებენ.

აქტივისტებმა ბიზნესცენტრის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს.

14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო.

პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას მართავენ.

მდინარაძე ენმ-ზე: პუტინთან ერთად დასხდნენ და გვებრძოლონ, უფრო ძლიერი ძალაა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციური პარტიების ერთობლივ მოქმედებას გამოეხმაურა.

„ჩვენი პირველი ინტერესია საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტი, სამწუხაროდ, რომელსაც აორგანიზებენ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სხვადასხვა შტოებით და პრორუსული ძალები ერთად. არგუმენტადაც მეუბნებიან ჩვენი ის მაჟორიტარები... „დღეს, რასაც ვამბობდით, ვიყავით მართლები?!“ - თქვა მამუკა მდინარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში და დაამატა, - „როდესაც რაღაცას გეგმავ პრორუსულ ძალასთან ერთად, ეს არის სხვა რაღაც. ბარემ პუტინთან ერთად დაგეგმე. პუტინთან ერთად დასხდნენ და გვებრძოლონ, უფრო ძლიერი ძალაა“.

14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო.

პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას მართავენ.

„ქართული ოცნების 14 ნოემბერი“ – გიორგი კვირიკაშვილი ეხმაურება პარლამენტის გადაწყვეტილებას

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეაფასა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილება.

„ქართული ოცნების 14 ნოემბერი“ - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა“, - წერს კვირიკაშვილი „ფეისბუკზე“.

14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო.

პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას მართავენ.

რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს

საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის თქმით, რუსთაველის გამზირზე მოეწყობა კარვების ქალაქი. აქტივისტებმა გაშლილი კარვებით რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

როგორც დიღმელაშვილი ამბობს, აქცია არ დაიშლება მანამ, სანამ ხალხს დაპირებას არ შეუსრულებენ.

14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო.

პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას მართავენ.

მარგველაშვილი: მივმართავ ჩემს მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება, უნარი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შეუერთდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას. მან სიტყვით გამოსვლისას უცხოელ ლიდერებს მიმართა.

„მივმართავ ასობით მეგობარს ათობით დედაქალაქში. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ის საქართველო, ის თავისუფალი, დემოკრატიული საქართველო, რომელიც თქვენ მოგწონდათ, ჩემო ევროპელო, ამერიკელო, ჩემო დასავლელო მეგობრებო, იმ საქართველოს ცდილობენ, რომ დაუმთავრონ მომავალი. მე მივმართავ ჩემს მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება, უნარი, კავშირები და მოახდინეთ გავლენა ამ პროცესზე. ან ქართული დემოკრატია გაიმარჯვებს, ან ეს ქვეყანა დაემსგავსება იმ მრავალ ქვეყანას, სადაც ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი არის ცხოვრების წესი. არ არის ეს ქართული არჩევანი და ქართველი ხალხის არჩევანი და არ ვართ ჩვენ ამის ღირსი. მე ვუერთდები თქვენს აქციას და ბოლომდე ვიქნები თქვენი სულისკვეთების და ბრძოლის მხარდამჭერი“, - ამბობს მარგველაშვილი.

14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო.

პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას მართავენ.

უმრავლესობაში კონსერვატორების დარჩენის საკითხი ხვალ გაირკვევა

პარლამენტის წევრი ნინო გოგუაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორები“ ხვალ, 15 ნოემბერს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას, დარჩება, თუ არა უმრავლესობაში - ამის შესახებ ჟურნალისტებს უთხრა ფარქციის წევრმა, ნინო გოგუაძემ. ის დღეს პარლამენტში შეხვდა თამარ ჩუგოშვილს, რომელმაც უმრავლესობა დატოვა კიდევ შვიდ დეპუტატთან ერთად მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ვერ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად.

ნინო გოგუაძის თქმით, საკონსტიტუციო კანონპროექტის ჩაგდება მოულოდნელი იყო. "ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომელზეც შევთანხმდით. ამიტომ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ „კონსერვატორები“, ამაზე საზოგადოებისთვის იქნება შემდგომ ცნობილი," - განაცხადა გოგუაძემ.

დღეს, 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უყარა კენჭი „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს, რომელიც ეხებოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა სულ მცირე 113 ხმა.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.

„35 გავრილოვი“, „მხეიძე - სირცხვილი“, „გადაგვავგდე, გადაგაგდებთ, ივანიშვილო“ - ქუთაისში სპროტესტო აქცია გაიმართა

დღევანდელი გადაწყვეტილებით მეორე თვალიც დასთხარეს ახალგაზრდებს, - ასე შეაფასეს ქუთაისში დღეს საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კანონპროექტის პირველ მოსმენაზე ჩავარდნა. მესხიშვილის თეატრთან შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა პროპორციული სისტემის მოწინააღმდეგე დეპუტატებს გავრილოვები უწოდეს. აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც ქალაქის ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი მხეიძის, ბიუროა განთავსებული. მხეიძე იმ დეპუტატებს შორისაა, რომლებიც კენჭისყრას ესწრებოდნენ და მასში მონაწილეობა არ მიიღეს. სამოქალაქო აქტივისტებმა მცირე პერფორმანსი მოაწყვეს და იმ 35 დეპუტატის სახელი და გვარი ამოიკითხეს, რომლებმაც კენჭისყრისას თავი შეიკავეს პოზიციის დაფიქსირებისგან. აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად დაწვეს ფურცლები, რომლებზეც დეპუტატების სია ეწერათ.

საქართველოს პარლამენტში დღევანდელი კენჭისყრის შედეგს, რომლის მიხედვითაც, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მიზნით „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულმა საკონსტიტუციო ცვლილებამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო, ხელისუფლების ტყუილი უწოდა სამოქალაქო აქტივისტმა გიორგი გველესიანმა:

„მონებს შორის ყველაზე გამორჩეული მონების აჯანყების არავის სჯერა. ეს არის დადგმული სპექტაკლი, რომ დაპირება არ შესრულებულიყო. მოვითხოვთ, გადადგეს მთავრობა. მათ გავრილოვის ღამის შემდეგ მეორედ მოგვატყუეს და სულში ჩაგვაფურთხეს. ამას არ ვაპატიებთ, აქციები გაგრძელდება, ვიდრე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არ გადავალთ“.

ქუთაისში გამართული აქციის მონაწილეთა თქმით, ხელისუფლება მატყუარაა და კანონის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებენ მის გადასაყენებლად.

„გადაგვაგდე, გადაგაგდებთ, ივანიშვილო“, „35 გავრილოვი“ და „მხეიძე - სირცხვილი“ - ამ შინაარსის პლაკატები ეჭირათ ხელში აქციის მონაწილეებს.

14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს.

კანონპროექტს მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 წინააღმდეგ წავიდა. კანონის მიღებას 113 ხმა სჭირდებოდა. რეგისტრაცია 141 დეპუტატს ჰქონდა გავლილი.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის, არჩევნებისთვის გაუქმებაზე დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.

ირაკლი კობახიძე: რიგგარეშე არჩევნებზე ლაპარაკი არ არის

„ნაციონალური მოძრაობა“ „მელკი“ ტყუილებით არის გამორჩეული, - უთხრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. მან შეაფასა პროპორციული არჩევნებზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროეტის ჩაგდების შემდეგ შექმნილი ვითარება.

მისი თქმით, ოპოზიცია საკუთარ ტყუილებში იხლართება ხოლმე.

ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმართული ცრუ კამპანიის ერთ-ერთი ნარატივი იყო ის, რომ „ქართული ოცნება“ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში ვერ აიღებდა 30% - ზე მეტს. მარტივი მათემატიკაა, თუ „ქართული ოცნება“ ვერ აიღებს 30%-ზე მეტს, ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პროპორციული სისტემა გვექნება, თუ შერეული. აი, ამ დონის „მელკი“ ტყუილებით არის გამორჩეული „ნაციონალური მოძრაობა“. თუ 30%-ზე მეტს ვერ აიღებს პარტია, სულ ერთია, როგორი საარჩევნო სისტემა იქნება, ნებისმიერ შემთხვევაში, აგებს არჩევნებს. ენას ძვალი არ აქვს. ოპონენტებს შეუძლიათ ყველაფერი თქვან. თვითონ იხლართებიან ხოლმე თავიანთ ტყუილში. ამასწინათ სააკაშვილი საუბრობდა წყალტუბოს პროექტზე. რა თქმა უნდა, დაგმო და თქვა, რომ ჩვენ 2008 წლიდან დავიწყეთ ეს პროექტი და 2013 წელს უნდა დასრულებულიყოო, თუმცა „ქართულმა ოცნების“ გამო ვერ დავასრულეთო. ეს ხომ ბურატინოს რანგის ტყუილია,“ - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებზე და განაცხადა, რომ შეეცდებიან უმრავლესობიდან წასული დეპუტატები დაარწმუნონ დაბრუნდენ, ვინაიდან ასე სჭირდება საქმეს. მისი სიტყვებით ყველაფერს გააკეთებს რომ გუნდის ერთიანობა იყოს უზრუნველყოფილი და გუნდში ის გულისხმობს ყველა მათგანს ვინც 14 ნოემბრის დილას იყო უმრავლების წევრი.

„კონსულტაციები გრძელდება დეპუტატებთან, მათ შორის იმ დეპუტატებთანაც, რომლებმაც უმრავლესობიდან გასვლის თაობაზე განცხადება გააკეთეს. იმედი მაქვს და დიდწილად დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონსულტაციები წარმატებული იქნება. ეს დეპუტატები პირადად ჩემთვის არიან როგორც კოლეგები, ასევე მეგობრები. ვისაუბრებთ დღეს, ვისაუბრებთ ხვალ და ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. ვეცდებით, დავარწმუნოთ ისინი, რომ მათი დაბრუნება სჭირდება იმ საქმეს, რომელიც ქვეყანას წაადგება,“ - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა პროპორციული არჩევნების შესახებ კანონპროექტის შემობრუნება და კენჭისყრაზე ხელახლა გატანა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ამის პერსპექტივა არ არსებობს და რეგლამენტი გამორიცხავს.

„პირველი მოსმენის შემდეგ შესაძლებელია კანონპროექტის შემობრუნება სრული პროცედურის დაცვით. ამ შემთხვევაში, როცა საქმე ეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს უნდა მოხდეს ხელმოწერების შეგროვება, უნდა შეგროვდეს ან 200 ათასი ხელმოწერა ან 76 დეპუტატის ხელმოწერა, შემდეგ უნდა დაიწყოს საყოველთაო სახალხო განხილვა შემდეგ საკომიტეტო განხილვა და შემდეგ სამი მოსმენა პარლამენტის პლენარულ სხდომებზე. ეს არის სტანდარტული პეოცედურა. მე მოვისმინე ერთ-ერთი საპრლამენტო პარტიის წარმომადგენლის გამოსვლა, რომელმაც თქვა, რომ რეგლამენტში ასეთი ნორმა არის. ერთადერთი პროცედურა რაც არსებობს ეს არის თავიდან ინიცირება ყველა წესის დაცვით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან მისი სიტყვებით საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე არ მიდის.

რიგგარეშე არჩვენებზე საუბარი არ არის, იმისთვის, რომ ზოგადად ქვეყანა სტაბილურად ვიტარდებოდეს მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ტარდებოდეს სათანადო ვადებში, თუ რაიმე განსაკუთრებული მოვლენა არ არის. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს არჩევნები ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. არჩევნები უწევს 2020 წლის 31 ოქტომბერს და ჩვენ ყველა უნდა მოვემზადოთ ამ საპარლამენტო არჩევნებისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ მოუწოდა აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს სიმშვიდისკენ, მისი განცხადებით რადიკალიზმი არ წაადგება არაფერს, მის სიყვებით „სახელმწიფოს და ეკლესიაზე თავდასხმისაგნ ყველამ უნდა შეიკაოს თავი“,- განაცადა ირაკლი კობახიძემ.

აშშ-ის სენატორმა ლინდსი გრემმა დაბლოკა კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუცია სომხების გენოციდის შესახებ

ლინდსი გრემი

აშშ-ის სენატორმა, რესპუბლიკელმა ლინდსი გრემმა დაბლოკა კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც გენოციდად აღიარებს ოსმალეთის იმპერიაში თურქების მიერ სომხების მასობრივ განადგურებას. ეს გადაწყვეტილება მან მიიღო თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან შეხვედრის შემდეგ. როგორც საიტი The Hill-ი იტყობინება, მან განაცხადა, რომ სენატორებმა არ უნდა შეალამაზონ ან გადაწერონ ისტორია.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ოქტომბრის ბოლოს მიიღო გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია ხმების დიდი უმრავლესობით - 405 ხმით 11-ის წინააღმდეგ. დოკუმენტში ლაპარაკი იყო აშშ-ის მიერ ტერმინ „სომხების გენოციდის“ აღიარებაზე, რომლითაც აღინიშნება 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრები მილიონნახევარი სომხის მკვლელობა, და ამ მოქმედებების დაგმობაზე. კენჭისყრა ცოტა ხანში გაიმართა მას მერე, რაც თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

იმისათვის, რომ გენოციდის აღიარება ვაშინგტონის ოფიციალური პოზიცია გახდეს, რეზოლუცია უნდა მოიწონოს აშშ-ის სენატმა და ხელი მოაწეროს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. კონგრესის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს თურქეთის ხელისუფლების უმაღლესი დონის წარმომადგენლებმა. პრეზიდენტმა ერდოანმა მას უაზრო და თურქეთის ხალხისთვის შეურაცხმყოფელი უწოდა.

გიგა მაქარაშვილი: ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის სამოქმედო გეგმა სამ პუნქტად ჩამოყალიბდა

სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის განმარტებით, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის სამოქმედო გეგმა სამ პუნქტზე შეჯერდა. ესენია

  • ჩამოყალიბდეს დროებითი მთავრობა
  • დროებით მთავრობაში შევიდეს ყველა, მინუს ბიძინა ივანიშვილი. ანუ ბიძინა ივანიშვილი „ჩაეხსნას“ ყველა პოლიტიკურ პროცესს, „ქართული ოცნების“ მთავრობა კი ქვეყნის მართვას
  • დროებითი მთავრობა ჩაატარებს თავისუფალ არჩევნებს

განაცხადა აქციაზე სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა. პარლამენტის შენობის წინ გრძელდება საპროტესტო აქცია, რომელზეც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საარჩევნი სისტემის ცვლილების საკონსტიტუციო კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ.

დღეს, 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უყარა კენჭი „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს, რომელიც ეხებოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა სულ მცირე 113 ხმა.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად. რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

კორძაია: ოპოზიცია ითხოვს ვადამდელ არჩევნებს ტექნიკური მთავრობის პირობებში

ოპოზიცია მოითხოვს მთავრობის გადადგომას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით, ან პროპორციულის მსგავსი გერმანული მოდელის სისტემით, ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მსვლელობისას რადიო თავისუფლებას უთხრა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, თამარ კორძაიამ.

შეკითხვას, რა სამართლებრივი გზა არსებობს ამისთვის, კორძაიამ უპასუხა: „თუ გონს მოეგებიან და თუ გადაწყვეტენ, რომ ბოლოს და ბოლოს მოქალაქეების მოთხოვნა უნდა შესრულდეს, შესაძლებელია ინიცირება, ახალ წლამდე პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა და ახალი წლის მერე ერთი რიგგარეშე სხდომაზე და მერე საგაზაფხულო სესიაზე“.

რაც შეეხება მთავრობას, კორძაიას თქმით, ის უნდა გადადგეს, რადგან „ბიძინა ივანიშვილის ხელდასმული, ხელის ბიჭების პირობებში დემოკრატიული არჩევნები ვერ ჩატარდება“. თამარ კორძაიას განცხადებით, მთავრობის გადადგომა მარტივია - გადადგება გახარია, მთავრობა არ იარსებებს, იარსებებს ტექნიკური მთავრობა და ტექნიკური მთავრობის პირობებში ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.

„კიდევ ერთხელ ვაძლევთ შანსს ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას, რომ გონს მოეგონ... წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოების რეაქციაზე პასუხს ვერავინ ვერ აგებს. ჯერ კიდევ პოლიტიკოსები ვთვლით, რომ უნდა შევაჩეროთ პროცესები და ვიმოქმედოთ კონსტიტუციის ფარგლებში. დღევანდელი აქციის მიზანიც ეს არის“, - განაცხადა კორძაიამ.

ოპოზიციური პარტიები მას შემდეგ გაერთიანდნენ, რაც დღეს, 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ვერ დაამტკიცა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა სულ მცირე 113 ხმა.

ჰააგის სასამართლო: დაიწყება ბირმაში მუსლიმი როჰინჯების მიმართ დანაშაულებების გამოძიება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის თხოვნა, დაიწყოს გამოძიება ბირმაში მუსლიმი როჰინჯების უმცირესობის წინააღმდეგ სავარაუდო დანაშაულებების თაობაზე.

სასამართლომ, რომელსაც ჰააგაში უდევს ბინა, 14 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მიანმარისა და ბანგლადეშის საზღვარზე დეპორტაციებთან დაკავშირებით „არსებობს გონივრული საფუძველი, ვიფიქროთ, რომ შესაძლოა ჩადენილ იქნა ძალადობის ფართოდ გავრცელებული და/ან სისტემური აქტები, რომლებიც შეიძლება კვალიფიცირებულ იქნეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებად.“

ძირითადად ბუდისტებით დასახლებული ბირმა, რომელიც მიანმარის სახელითაცაა ცნობილი, უკანასკნელ ხანებში ხშირად გამხდარა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკის სამიზნე როჰინჯების უმცირესობისადმი მოპყრობის გამო.

700 ათასზე მეტმა წარმომადგენელმა შეაფარა თავი მეზობელ ბანგლადეშს, რათა თავი დაეღწია მასობრივი გაუპატიურებების, მკვლელობებისა და სახლების გადაწვისთვის, რაც ეთნიკურ წმენდად იქნა კვალიფიცირებული.

ვახუშტი მენაბდე: ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება შეუძლებელია

ზოგი ოპოზიციური პარტიის განცხადებაში გაისმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა.

„ძირითადი, მემგონი, რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ ეს ხელისუფლება რომ წავიდეს შესაბამისად, საჭიროა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და რაც გავარკვიეთ, მე პირადად არ ვიცოდი, ტექნიკურად შესაძლებელია, რომ ეს არჩევნები იყოს პროპორციული“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პარტია „გირჩის“ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, ოპოზიციური პარტიების შეხვედრაში მონაწილეობდა.

ჯაფარიძის თქმით: „შედეგი ამ ყველაფრის უნდა იყოს ის, რომ ივანიშვილს თუ არ უნდა 2020 წელს პროპორციული არჩევნები, მიიღებს ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს“. ტელეკომპანია „მთავარის“ შეკითხვას, როგორ უნდა ჩატარდეს პროპორციული არჩევნები, ზურაბ ჯაფარიძემ უპასუხა, რომ „პარლამენტში არის რეგისტრირებული კანონპროექტები, მათ შორის ერთ-ერთი რეგისტრირებული კანონპროექტი არის ე.წ. გერმანული მოდელი“.

„რადიო თავისუფლება“ ესაუბრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს, კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდეს.

როგორც მენაბდე განმარტავს, „ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება შეუძლებელია“. მისი თქმით, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ კი პარლამენტი მიმდინარე სამ თვეში საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს.

საკონსტიტუციო ცვლილების გარეშე კი შეიძლება ე.წ. გერმანული მოდელის მიღება, რასაც პარლამენტში ინიცირება დასჭირდება.

როგორც ვახუშტი მენაბდე ამბობს, „გერმანული მოდელი“ არ შეიძლება ჩაითვალოს პროპორციულ სისტემად, თუმცა ის საშუალებას იძლევა, რომ პარტიამ მაჟორიტარების ხარჯზე ვერ გაიმარჯვოს.

ვახუშტი მენაბდის თქმით, წმინდა „გერმანული მოდელი“ საქართველოში არ გამოვა, იმიტომ, რომ მასში დეპუტატების რაოდენობის ზედა ზღვარი განსაზღვრული არ არის. თუმცა შესაძლოა გამოვიდეს შედარებით განსხვავებული სისტემა, რომელიც მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნების შედეგებს ერთმანეთისგან იზოლირებულად კი არ განიხილავს, არამედ აჯამებს და ერთად იძლევა წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში.

„მარტივად, რომ ვთქვათ, თუ მე პროპორციულ არჩევნებში ხმების 50% მივიღე და ამავე დროს მაჟორიტარებით პარლამენტის მანდატების 50% ავითვისე, ეს ნიშნავს, რომ პროპორციულის შედეგები მიუქმდება და მხოლოდ მაჟორიტარული მრჩება. საქართველოს მაგალითზე, როდესაც 150-წევრიანი პარლამენტი გვყავს, ხმების 50%-ის აღების შემთხვევაში, ნიშნავს დაახლოებით 76 მანდატს და პარალელურად ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგების შემთხვევაში, ნიშნავს, რომ პირველ რიგში მაჟორიტარები (73 დეპუტატი) შევლენ პარლამენტში, შემდეგ დაემატება პროპორციული სიის პირველი სამი კაცი (76-მდე შეავსებენ) და დანარჩენი პროპორციული სია გაუქმდება“, - განმარტავს ვახუშტი მენაბდე.

14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო.

გრიგოლ ვაშაძე "ქართულ ოცნებას" - არჩევნებზე გაგხევთ ნაკერავზე

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერთა შეკრებიდან პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე.

„თათბირზე, სადაც ვიყავით, პატიოსან სიტყვას გაძლევთ, გაცილებით რადიკალური ღონისძიებების მომხრე ვიყავი, მაგრამ კომპრომისი კომპრომისი არის, შეთანხმება შეთანხმება არის. მთელი ოპოზიცია მინუს ერთი. მთელი ოპოზიცია გაერთიანებული, ყველა იდეოლოგიური განსხვავებები გვერდზე გადადებული, ვადამდელი არჩევნები და ახალი შემადგენლობა დაკომპლექტებული სამოქალაქო საზოგადოების მიერ ცესკოში“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ აქციაზე გამოსვლისას.

მან„ქართულ ოცნებას“ მიმართა: „რა სისტემითაც არ უნდა ჩაატაროთ არჩევნები, თბილისურად გეტყვით - გაგხევთ ნაკერავზე“.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ აქციის მონაწილეებსაც მიმართა, რომ 23 ნოემბერი(ვარდების რევოლუციის დღე) მოდის და გაიხსენონ, რა მოხდა იმ დღეს საქართველოში.

„ჩვიდმეტში ყველა მიტინგზე, დიდ მიტინგზე“, - განაცხადა ვაშაძემ.

ოპოზიციური პარტიები მას შემდეგ გაერთიანდნენ, რაც დღეს, 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ვერ დაამტკიცა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა სულ მცირე 113 ხმა.

დავით უსუფაშვილი: ივანიშვილის გეგმაა ტვინში სისხლი ჩაგვექცეს და სისულელეები ჩავიდინოთ

დავით უსუფაშვილი

„შენების მოძრაობის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში ძალაუფლების უზურპაციის მცდელობა არ გამოუვა. დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის სავარაუდოდ გეგმებშია „ოპოზიციის სადღაც ერთად მიდევნა" და მისი "სახელმწიფოს გადამტრიალებლებად გამოცხადება“.

„ივანიშვილის გეგმა არის ის, რომ ჩვენ დაგვღალოს, ემოციურად გაგვაბრაზოს, ანუ ტვინში სისხლი ჩაგვექცეს და სისულელეები ჩავიდინოთ. სისულელეების ჩადენას არ ვაპირებთ. ამიტომ ეს უნდა გაიგოს მან და ამ იმედით უნდა იყოს ქართველი ხალხი“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილი ვარაუდობს, რომ არსებული მღელვარების ფონზე ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების ჩატარებას შეეცდება. ოპოზიციის შეკრებიდან გამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ნებისმიერი სისტემით ჩატარებულ ნებისმიერ არჩევნებში დამარცხდება:

„ოპოზიციას ექნება ძალიან მკაფიო და ეფექტური საკოორდინაციო გეგმა-ჩაატარებს მაჟორიტარულ არჩევნებს, ყველა ოლქში იქნება ერთი კანდიდატი სრულიად ოპოზიციის მხარდაჭერილი. ამიტომ კარგად დაფიქრდეს, რა გზას დაადგა და მას კიდევ აქვს შანსი. იმიტომ რომ პროპორციული არჩევნების მიღება ამ ქვეყანაში კიდევ შესაძლებელია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა." შენების მოძრაობის" ლიდერი ამბობს, რომ მკაფიო გეგმის შესაბამისად, არსებობს ბევრი ინსტრუმენტი, რომლითაც ოპოზიცია „ქართული ოცნების“ დამარცხებას შეძლებს.

დღეს, 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უყარა კენჭი „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს, რომელიც ეხებოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა სულ მცირე 113 ხმა.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად. რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

ზუგდიდში გააპროტესტეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე პარლამენტის უარი

საპროტესტო აქცია ზუგდიდში

ზუგდიდში, სამოქალაქო აქტივისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს საქართველოს პარლამენტში დღევანდელი კენჭისყრის შედეგი, რომლის მიხედვითაც, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მიზნით „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულმა საკონსტიტუციო ცვლილებამ საკმარისი ხმები ვერ მიიღო.

საპროტესტო აქცია ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ბიუროსთან გაიმართა. ქვარაია იმ დეპუტატებს შორისაა, რომლებმაც პარლამენტის სხდომაზე რეგისტრაცია გაიარეს, თუმცა, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები, წარწერებით: "მოგვატყუეს", "თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან პროპორციული სისტემის ჩაგდებამდე", "ბიძინა მაჟორიტარების მეფე", "გადაგვაგდეთ?! გადაგაგდებთ!" და მეგრულ ენაზე წარწერით: „საონჯღორო“, ანუ „სირცხვილია“.

„ვაპროტესტებთ იმ სამარცხვინო გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო პარლამენტმა. ეს არის მორიგი შავი ლაქა პარლამენტარიზმის ისტორიაში. კიდევ ერთი ფაქტი, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებას დაგვპირდნენ ცვლილებას და ეს არ შეასრულეს“, - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, ცაბუნია ვართაგავამ.

მისი თქმით, სამარცხვინოა ისიც, რომ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაიაც იყო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება მოახდინეს, თუმცა, დღეს აღმოჩნდა, რომ ქვარაიამ მხარი არ დაუჭირა თავის ინიცირებულ კანონპროექტს.

დღეს, 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უყარა კენჭი „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს, რომელიც ეხებოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა სულ მცირე 113 ხმა.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.

დევალ პატრიკი დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლაში ჩაერთვება

დევალ პატრიკი (მარცხნივ) აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ერთად. 2014 წ. 11 ივნისი.

მასაჩუსეტსის შტატის ექს-გუბერნატორი დევალ პატრიკი ჩაერთვება დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლაში. როგორც მოელიან, 15 ნოემბერს ის საბუთებს შეიტანს პირველად არჩევნებში მონაწილეობისთვის შტატ ნიუ-ჰემფშირში.

პატრიკი 63 წლისაა. ის ერთ-ერთი პირველი აფროამერიკელია, რომელიც შტატის გუბერნატორი გახდა. მასაჩუსეტსის შტატის ყოფილი გუბერნატორი აშშ-ის ექს-პრეზიდენტ ბარაკ ობამას მეგობარია. გასული წლის ბოლოს პატრიკმა განაცხადა, რომ არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას. მაგრამ შემდეგ აზრი შეიცვალა და ზაფხულში თავის მომხრეებთან მოლაპარაკებები დაიწყო საარჩევნო კამპანიის წარმოების თაობაზე.

აშშ-ის საარჩევნო კამპანია 2020 წლის 3 თებერვალს იწყება აიოვის შტატში. დემოკრატიული პარტიიდან კანდიდატად ნომინაციისთვის სარეკორდო რაოდენობის პრეტენდენტები არიან. მაგალითად, ალაბამაში პრაიმერიზსში რეგისტრირებულია 17 ადამიანი. ნომინაციების შესახებ გამოკითხვებში ლიდერობენ სამნი: ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მასაჩუსეტსის შტატის სენატორი ელიზაბეთ უორენი და ვერმონტის შტატის სენატორი ბერნი სანდერსი.

მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ადრე გამოაცხადა, რომ აპირებს იბრძოლოს პრეზიდენტის პოსტის შესანარჩუნებლად. მისი მეტოქის ვინაობა ცნობილი გახდება დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე. ის 2020 წლის ივლისში გაიმართება ვისკონსინის შტატში. რესპუბლიკელები ყრილობას ჩრდილოეთ კაროლინაში გამართავენ 2020 წლის აგვისტოში.

სახალხო დამცველი: "საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება სამართლიანი არჩევნების!"

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია "ფეისბუკის" გვერდზე წერს, რომ პარლამენტის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება არის "უსამართლო სისტემის შენარჩუნების გადაწყვეტილება":

"სამწუხაროდ საქართველოში არ ვარ და შორიდან მიწევს გამოვეხმაურო განვითარებულ მოვლენებს.

ერთადერთი ნათელი წერტილი, რაც იმედს მაძლევდა, რომ ქვეყანა მუდმივი პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდოდა და დემოკრატიული განვითარებისკენ რეალურ ნაბიჯებს გადადგამდა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო".

ნინო ლომჯარიას აზრით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ "მომავალი არჩევნები არ ჩატარდეს დღეს მოქმედი სისტემით".

სახალხო დამცველის განცხადებით:

"საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება სამართლიანი არჩევნების, უფლება მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ ცხოვრებაში და უფლება მათი პოლიტიკური ნება ადეკვატურად და პროპორციულად აისახოს არჩევნების შედეგებში! ამ უფლებების სრულყოფილად რეალიზაციის საშუალებას ჩვენ მოქალაქეებს სწორედ დღეს არსებული საარჩევნო სისტემა ართმევს!".

„ქართულმა ოცნებამ“ დატოვოს ხელისუფლება"  - „პატრიოტთა ალიანსი“ აქციებს იწყებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია „უწყვეტ საპროტესტო აქციებს“ იწყებს.

ინაშვილის ცნობით, პირველი აქცია ჩატარდება თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე კვირას, 17 ნოემბერს, 17:00 საათზე.

აქციების მთავარი მოთხოვნა იქნება - „ქართულმა ოცნებამ“ დატოვოს ხელისუფლება".

„სრულიად საქართველოსთვის ნათელია, რომ ხელისუფლებამ დღევანდელი ნაბიჯით განახორციელა ძალაუფლების უზურპაცია. ნათელია, რომ ხელისუფლების მიტაცება დაწყებულია“, - ამბობს ინაშვილი.

ამასთან, როგორც ირმა ინაშვილი აღნიშნავს, შექმნილ ვითარებაშიც კი საპარლამენტო უმრავლესობას შეუძლია კრიზისის გამოსწორება: „შეუძლია, მცირედი ცვლილება განახორციელოს ჩავარდნილ კანონპროექტში და თავიდან შემოიტანოს პარლამენტში. მაგრამ არ ვიცი ახლა რაზე მსჯელობენ, როგორც ჩანს, ამას არ გააკეთებენ“.

„პატრიოტთა ალიანსი“ აპირებს პარლამენტში თავად შეიტანოს კანონპროექტი მცირედი ცვლილებით - „პროექტში ბუნებრივი ბარიერი 0.67%-ის ნაცვლად იქნება 0.7%“.

14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG