Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში მაიდანზე მიმდინარეობს საპროტესტო აქცია ლოზუნგით "არა კაპიტულაციას"


კიევის ცენტრში, მაიდანზე - დამოუკიდებლობის მოედანზე - მიმდინარეობს მიტინგი, რომლის მონაწილეები აპროტესტებენ აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო დარეგულირების პროცესში რუსეთის მიმართ დათმობებს.

აქციაში, რომელსაც ორგანიზატორებმა „სახალხო ვეჩე“ უწოდეს, რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს. ისინი აქციაზე მივიდნენ უკრაინული სიმბოლიკით და ლოზუნგებით „არა კაპიტულაციას“, არ ჩანს პარტიული სიმბოლოები. მაგრამ მათ მოთხოვნებს მხარს უჭერენ რიგი ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს „ევროპული სოლიდარობა“.

მსგავსი აქციები უკრაინის სხვა ქალაქებშიც იმართება.

დემონსტრაციების საბაბად იქცა მიმდინარე კვირაში მინსკში გამართულ მოლაპარაკებებზე ე.წ. „შტაინმაიერის ფორმულის“ შეთანხმება. ამ ფორმულის მიხედვით, გათვალისწინებულია საგანგებო სტატუსის მინიჭება დონბასის რაიონებისთვის, რომლებსაც რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები აკონტროლებენ. აქციის მონაწილენი კიცხავენ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოქმედებებს და აცხადებენ, რომ მიღწეულ შეთანხმებებს შესაძლოა მოჰყვეს უკრაინის „კაპიტულაცია“ რუსეთთან კონფლიქტში.

„შტაინმაიერის ფორმულას“ აკრიტიკებენ უკრაინის რიგი საოლქო საბჭოები.

ზელენსკიმ ტელემიმართვაში განაცხადა, რომ დონბასში არჩევნები, რაზეც არის ლაპარაკი „შტაინმაიერის ფორმულაში“, შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ მას მერე, რაც შესრულდება მთელი რიგი პირობები. მათ შორისაა აღმოსავლეთ უკრაინიდან რუსეთის ჯარების გაყვანა და დონბასში რუსეთთან საზღვარზე კონტროლის გადაცემა უკრაინის მესაზღვრეებისთვის. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ დონბასის საგანგებო სტატუსის შესახებ კანონის თაობაზე საზოგადოებასთან ერთად იმსჯელებენ.

„შტაინმაიერის ფორმულის“ შეთანხმება იყო ერთ-ერთი პირობა, რომლის შესრულებასაც ითხოვდა რუსეთი იმისთვის, რომ ჩატარდეს ე.წ. „ნორმანდიულ ფორმატის“ შეხვედრა რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების მონაწილეობით. შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით არაა დადგენილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG