Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ტარდება


კოსოვოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ტარდება. მას წინ უძღოდა დაძაბული საარჩევნო კამპანია, რომელშიც დომინირებდა ისეთი საკითხები, როგორებიცაა კორუფცია, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლები და შესაძლო სამშვიდობო შეთანხმება სერბეთთან, რაც კოსოვოს გზას გაუხსნიდა გაეროში გაწევრიანებისკენ.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს 1,9 მილიონ ამომრჩეველს. ისინი აირჩევენ 120 კანონმდებელს კოსოვოს მეოთხე პარლამენტში მას მერე, რაც რეგიონმა სერბეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა 2008 წელს.

არჩევნების ჩატარების მიზეზი გახდა ივლისში პრემიერ-მინისტრ რამუშ ჰარადინაჯის გადადგომა მას შემდეგ, რაც ჰააგის ტრიბუნალის სამხედრო დანაშაულებათა პროკურორებმა ის დაკითხვაზე დაიბარეს იმ როლის გამო, რომელსაც ომის დროს თამაშობდა როგორც მეთაური „კოსოვოს განთავისუფლების არმიაში“ (UCK).

ჰარადინაჯის სამპარტიული სამთავრობო კოალიციით ხალხის უკმაყოფილებამ გაზარდა ოპოზიციური პარტიების შანსები. მათ შორის ლიდერობენ მემარჯვენე-ცენტრისტული კოსოვოს დემოკრატიული ლიგა (LDK) და ნაციონალისტური, მემარცხენე ორიენტაციის Vetevendosje.

LDK-ის ლიდერის, ვიოსა ოსმანის გარდა, პრემიერ-მინისტრობის ყველა წამყვანი კანდიდატი იყო წარსულში „კოსოვოს განთავისუფლების არმიის“, UCK-ს წევრი. UCK - ალბანური ეროვნების სეპარატისტთა შეიარაღებული დაჯგუფება - 1998-99 წლებში იბრძოდა სერბეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ომში, რომელიც დასრულდა, როცა ნატო ჩაერია საქმეში ეთნიკური ალბანელების დასახმარებლად.

120 ადგილიდან 10 გამოყოფილია ეთნიკური სერბებისთვის, 10 ადგილი კი სხვა უმცირესობებისთვის - მათ შორის, თურქებისა და რომასთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG