Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს ადასტურებს, რომ მკვლელობის საქმეზე დაკავებულთა შორის პოლიციელებიც არიან


ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია 5 პირი, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი.

საქმე ეხება 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობას. პირველ ოქტომბერს გაუჩინარებული მუმლაძის ცხედარი 5 ოქტომბერს, მდინარე მტკვარმა რუსთავში გამორიყა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 7 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ა.

ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები - 1992 წელს დაბადებული მ.ღ. და 1981 წელს დაბადებული დ.მ. ამავე ბრალდებით დაკავებულია ყოფილი სამართალდამცველი, 1989 წელს დაბადებული დ.დ.

ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულია 1989 წელს დაბადებული გ.გ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, აქტიურად იძებნება განზრახ მკვლელობაში მონაწილე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „გამოძიებით დგინდება, რომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა გ.ა.-მ და მისმა თანამზრახველმა - 1983 წელს დაბადებულმა ზ.ჯ.-მ, წარსულში არსებული დაპირისპირებისა და შურისძიების მოტივით, 35 წლის მამაკაცის მკვლელობა დაგეგმეს. მსხვერპლის ქალაქიდან მოტყუებით გაყვანის მიზნით, მათ დახმარებისთვის მიმართეს ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულ გ.გ.-ს, ორ პოლიციელს და ყოფილ სამართალდამცველს. მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, გ.გ.-მ გლდანში, თავის კუთვნილ ავტომობილში ჩაისვა 35 წლის მამაკაცი - დ.მ. გლდანში ავტომობილით მოძრაობის დროს, ისინი ვითომ შემთხვევით შეხვდნენ პოლიციის ფორმაში მყოფ სამ პირს. მათ ავტომობილიდან გადმოიყვანეს დ.მ., უკანონოდ აღუკვეთეს მას თავისუფლება, ჩაიყვანეს რუსთავში და გადასცეს ზ.ჯ-ს და გ.ა.-ს. აღნიშნულმა პირებმა დ.მ. ჩაიყვანეს მტკვრის ნაპირზე და ცივი იარაღით მიაყენეს მრავლობითი დაზიანება. კვალის დამალვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს“.

გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე.

XS
SM
MD
LG