Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია: რა თქმა უნდა, გავიმარჯვე, ვანო ზარდიაშვილი ჩემი წონითი კატეგორია არასდროს ყოფილა


ეკა ბესელია
ეკა ბესელია

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია თავის გამარჯვებად მიიჩნევს დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის მიერ პარლამენტის დატოვებას.

„რა თქმა უნდა, გავიმარჯვე. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებდი. ვანო ზარდიაშვილი ჩემი წონითი კატეგორია არც არასდროს ყოფილა. ეს არის კიდევ ერთი დამარცხება იმ „კლანის“, რომელიც მას კბილებით იცავდა“, - უთხრა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს. მისი შეფასებით, ვანო ზარდიაშვილის გადადგომის გადაწყვეტილება თავად ბიძინა ივანიშვილმა მიიღო:

„მისი გაშვების საკითხი რამდენჯერმე ითქვა. მე პირადად მითხრა ივანიშვილმა ამის თაობაზე, როდესაც მე პრინციპულად ვითხოვდი, რომ ის გაეყვანათ კომიტეტიდან. მას მფარველობდა „კლანი“, ჩინჩალაძე მფარველობდა. თუმცა იმდენად დიდი ზიანი მიიღო ,,ქართულმა ოცნებამ" და პარლამენტმა ამ ადამიანის ყოფნით, იმდენჯერ აფეთქდა და ბოლოს ისე აფეთქდა ამ ნაღმზე, რომ თვითდაზიანების რეჟიმშია გადასული. არ ვიცი, ვიღაცას ეყო ჭკუა და აქ ამ ნაწილში წერტილი დასვა. რა თქმა უნდა, ეს წერტილი ივანიშვილმა დასვა, ის მიიღებდა მხოლოდ ამ გადაწყვეტილებას. ზარდიაშვილი არსად წამსვლელი რომ არ იყო, ეტყობოდა ინციდენტის შემდეგ მის ქცევებს. რა ეთერებიც ჰქონდა, ეგ იყო ადამიანის სიმდაბლის ბოლო ფაზა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ვანო ზარდიშვილმა 7 ოქტომბერს დეპუტატის მანდატი დატოვა. ამის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში იგი წერს, რომ აღმოჩნდა ტალახის სროლის და შავი პიარის სამიზნე. სადეპუტატო მანდატის დატოვებას ის ოჯახის და პოლიტიკური გუნდის ინტერესებზე ზრუნვით ხსნის.

26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია და უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი გახდა ვაზო ზარდიაშვილის მიერ წარმოთქმული ფრაზა „ბესელიას მორალი“.

„არც ერთ შემთხვევაში ეს არ უკავშირდება ამ ქალბატონს [ეკა ბესელიას], პირიქით, ამ ქალბატონს რომ უკავშირდებოდეს ჩემი გადადგომა, არ გადავდგებოდი და არ წავიდოდი“,- განაცხადა ჟურნალისტებთან კომენტარში ვანო ზარდიაშვილმა.

XS
SM
MD
LG