უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი მაია ვაჩაძე აცხადებს, რომ ზურა ადეიშვილთან, მისი იუსტიციის მინისტრობის პერიოდში, კონტაქტი არ ჰქონია.
მაია ვაჩაძე - რომელიც 32 წელია სასამართლო სისტემაში მოღვაწეობს, ხოლო ბოლო 20 წელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა - პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების იუსტიციის მინისტრ ზურა ადეიშვილსა და მის გავლენაზე სასამართლო ხელისუფლებაზე, კითხვა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ დასვა. „ზურა ადეიშვილს რა პროცენტით შეეძლო უზრუნველეყო მისი სასურველი გადაწყვეტილება სასამართლოში?“ - იკითხა მან.
მაია ვაჩაძის მტკიცებით, ადეიშვილთან ურთიერთობა მხოლოდ მის მინისტრობამდე ჰქონდა, მინისტრად დანიშვნის შემდეგ კი მას აღარ შეხვედრია.
გედევან ფოფხაძე: არ გსმენიათ, რომ ზურა ადეიშვილს აქვს ასეთი პრაქტიკა, რომ ურეკავს ცალკეულ მოსამართლეებს ან ჰყავს საკონტაქტო პირები სასამართლოში, რომლებიც უზრუნველყოფენ მისთვის სასურველ გადაწყვეტილებებს?
მაია ვაჩაძე: ეს ჩვენთვის უცნობი თემა იყო. გულწრფელად გეუბნებით, იყო თუ არ იყო, არ შემიძლია დადასტურება, რადგან ჩემამდე არ მოსულა.
გედევან ფოფხაძე: არც ჭორად გაგიგიათ?
მაია ვაჩაძე: მთელი საზოგადოება რას ჭორაობს, ვიცი. მე ჭორები არ მიყვარს. გულწრფელად გეუბნებით, რომ ეს პირადად ბატონი ზურას ბრძანებაა, მე ასეთი არ მახსოვს.
გედევან ფოფხაძე: მე მაინტერესებს თქვენი პოზიცია სასამართლოზე გავლენების კუთხით. ჩემი პოზიცია ძალიან ნათელია, მე 9 წელი ყველა მიტინგზე, სადაც გამოვსულვარ, მაგას ვამტკიცებდი, რომ სასამართლო არის ადეიშვილის და სააკაშვილის ხელისუფლების მონობაში. ეს იყო ჩემი პოლიტიკური პოზიცია.
მაია ვაჩაძე: გასაგებია. თქვენ ასე ფიქრობთ და ეს თქვენი უფლებაა. მე მოსამართლე ვარ და ფაქტის გარეშე შეფასებას ვერ გავაკეთებ. მე უშუალო კონტაქტი, მთელი 9 წლის განმავლობაში, არც ერთ საქმეზე ბატონ ზურაბთან არ მქონია და არც მისი დაბარებული მქონია რამე.
ზურაბ ადეიშვილი იუსტიციის მინისტრის პოსტს 2008-2012 წლებში იკავებდა. 2004-2008 წლებში ის საქართველოს გენერალური პროკურორი იყო.
მისი სახელი, ერთი მხრივ, კორუფციის საგრძნობ შემცირებას და სამოქალაქო და ქონების რეგისტრაციის სერვისების გამარტივებას უკავშირდება. მეორე მხრივ, 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ საქმე აღიძრა პატიმრებისადმი დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის გამო.
მაია ვაჩაძის შესახებ
57 წლის მაია ვაჩაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატია. მან 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ამჟამად არის თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი საჯარო სამართლის მიმართულებით. მაია ვაჩაძე 2003-დან 2018 წლის ჩათვლით სხვადასხვა უნივერსიტეტში ასწავლიდა.
მაია ვაჩაძე იყო „რუსთავი 2“-ის მფლობელთან დაკავშირებული რამდენიმეწლიანი სასამართლო დავის ერთ-ერთი მოსამართლე უზენაეს სასამართლოში.
მას 20 ივლისს გაუვიდა მოსამართლის ვადა უზენაეს სასამართლოში.