Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლეობაზე ირაკლი ზარქუა უარს ამბობს


თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა ვანო ზარდიაშვილს პარლამენტში არ ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი სიტყვებით, ის ამჟამინდელ თანამდებობაზე დარჩება.

„ნებისმიერი ადამიანისთვის, ისევე, როგორც ჩემთვის, პარლამენტის წევრობა არის უდიდესი პატივი და გამოწვევა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მე სულ ერთი თვის წინ დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობამ ამირჩია თავმჯდომარის მოადგილედ, მაქვს გარკვეული პასუხისმგებლობა და მივიღე გადაწყვეტილება, დავრჩე საკრებულოში და ამ ეტაპზე უარი ვთქვა საქართველოს პარლამენტის წევრობაზე“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ყველა წევრი ცდილობს დადებითი როლის შესრულებას ქვეყნის წინსვლაში.

„ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ და სად, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები რა პოზიციაზე ვიქნებით, თითოეული ჩვენგანი ვცდილობთ, ჩვენი მუშაობით, ჩვენი მცდელობებით, როგორც მუნიციპალიტეტის დონეზე, ასევე ქვეყნის მასშტაბით, გარკვეული დადებითი როლი შევასრულოთ ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში. ამ მისიას მე ამ ეტაპზე ვხედავ საკრებულოში და აქედან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა.

მან ვანო ზადიაშვილის მიერ საპარლამენტო მანდატის დატოვებაზეც ისაუბრა.

„პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს ღირსეული გადაწყვეტილებაა, რაც მან მიიღო და სადაც იქნება, წარმატებას ვუსურვებ“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრმა ​ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილება დღეს მიიღო. ამის შესახებ მას განცხადებაც გაავრცელა.

ზარდიაშვილი წერს, რომ აღმოჩნდა ტალახის სროლის და შავი პიარის სამიზნე. სადეპუტატო მანდატის დატოვებას ის ოჯახის და პოლიტიკური გუნდის ინტერესებზე ზრუნვით ხსნის.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას მტკიცებით, ვანო ზარდიაშვილის სადეპუტატო მანდატის დატოვების გადაწყვეტილება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.

26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია და უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი გახდა ვანო ზარდიაშვილის მიერ წარმოთქმული ფრაზა „ბესელიას მორალი“.

„არც ერთ შემთხვევაში ეს არ უკავშირდება ამ ქალბატონს [ეკა ბესელიას], პირიქით, ამ ქალბატონს რომ უკავშირდებოდეს ჩემი გადადგომა, არ გადავდგებოდი და არ წავიდოდი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან კომენტარში ვანო ზარდიაშვილმა 7 ოქტომბერს.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის თანახმად კი, პარლამენტში ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე ირაკლი ზარქუაა, ხოლო მის შემდეგ სიაში თემურ გოცირიძეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG