Accessibility links

კალაძე: კომფორტულობა, უსაფრთხოება და სისუფთავე ტაქსის გაძვირებას გამოიწვევს, რაც ნორმალურია


თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ტაქსის რეფორმის ფარგლებში დასახული ამოცანები, კომფორტული სერვისი და სუფთა, უსაფრთხო ავტომობილები საბოლოო ჯამში ტაქსის გაძვირებას გამოიწვევს, რაც, მისი შეფასებით, ნორმალურია. კახა კალაძის თანახმად, ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დედაქალაქის მერი თბილისელებს პირობას აძლევს, რომ თბილისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, ევროპის ქალაქებში ერთ-ერთი წარმატებული იქნება:

„ჩვენ ორი წლის წინ წარმოვადგინეთ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა და ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს. ტაქსები ამ რეფორმაში არის ერთ-ერთი მიმართულება, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, ავტობუსი, მეტრო, ტაქსები. ქალაქში გადაადგილება იქნება ყველაზე სწრაფი და კომფორტული“, - აღნიშნა თბილისის მერმა მედიასთან კომენტარში. მისი თქმით, ტაქსის თავისი კლიენტი ჰყავს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართვის შემდეგ კი მასზე მოთხოვნილება კიდევ უფრო გაიზრდება. კახა კალაძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის მთავრობის მთავარი მიზანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა და არსებული პარკის ახლით ჩანაცვლება:

„როდესაც ქალაქში დაწყებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამხელა რეფორმა, ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა არის არსებული ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლება, რომლებიც არის კატასტროფულ მდგომარეობაში.

მე დარწმუნებული ვარ, ამ პროცესის ბოლომდე მიყვანის შემდეგ, გაიზრდება მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. პარალელურად მიმდინარეობს ტაქსების რეფორმა და მთავარი ამოცანაა, სერვისი იყოს კომფორტული, მგზავრმა იმგზავროს სუფთა მანქანით. რაც მთავარია, ავტომობილი იყოს უსაფრთხო და, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას და ეს ნორმალურია. თუ ვინმესთვის იქნება პრობლემა, იქნება ახალი ავტობუსები, რითაც შეეძლებათ გადაადგილება, იქნება მეტრო, განახლებული სადგურებით და რეაბილიტირებული ვაგონებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მედიასთან საუბარში მან თქვა, რომ ტაქსით მგზავრობის გაძვირების პრობლემა, რაც ტაქსების რეფორმამ განაპირობა, აღმოფხვრილია. მისივე თქმით, „თუ არის რიგი შემთხვევები გადამეტებული ფასების, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს იყოს დარეგულირებული“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG