Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვირაბის მშენებლობაზე დაღუპული მუშის საქმეში პროფკავშირი ჩაერთო


რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ინფორმაციით 41 წლის დასაქმებულს (თ.ჩ.) სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის - ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს კუთვნილი სატვირთო ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა 6 ოქტომბერს მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია ექსპერტიზა.

„რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის“ სპეციალისტების განცხადებით, წინასწარი მოკვლევის შედეგად დგინდება, რომ კომპანიის მხრიდან დარღვეულია სამუშაოების დაგეგმვისა და წარმოების უსაფრთხოების ნორმა და სტანდარტები.

„ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ადმინისტრაციის მხრიდან, ამ დრომდე არ არის შესრულებული წლების განმავლობაში რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების მიერ, შრომის უსაფრთხოების კუთხით გაცემული რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ადგილზე დასაქმებულთა სიცოცხლეს უდიდეს საფრთხეს უქმნის.

ამ დრომდე სასამართლოს წარმოებაშია ორი მუშის საქმე, რომელიც აღნიშნულ გვირაბში, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შედეგად დასახიჩრდნენ. მათ სამართლებრივ ინტერესებს, სამივე ინსტანციის სასამართლოში, პროფკავშირი წარმოადგენს“, - ნათქვამია „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის“ მიერ ფეისბუკზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ახლობლებს და მზად არის, მაქსიმალური დახმარება და მხარდაჭერა აღმოუჩინოს მის ოჯახს, - განცხადება კომპანიამ გაავრცელა.

„საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ მუდმივმოქმედი ფილიალი თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან“, - აღნიშნულია შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG