Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატები დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეში ბრალდებულებისათვის სასამართლოს გირაოს შესთავაზებენ


დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატები სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით 10-ათასლარიან გირაოს შესთავაზებენ.

არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

მოქმედი პოლიციელის დავით მიროტაძის ადვოკატმა მერაბ მამულაძემ, სასამართლო სხდომის წინ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენება, რომელიც მედიით გავრცელდა, სიმართლეს არ შესაბამება.

„ის იყენებს დუმილის უფლებას, საიდან გავრცელდა ან როგორ გავრცელდა ჩვენება, არ ვიცი“, - აცხადებს ადვოკატი.

ამავე დროს, ადვოკატები დაწმუნებული არიან, რომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობას შეუფარდებენ.

კიდევ ერთი ბრალდებულის, ძებნილი ზურა ჯღარკავას ადვოკატმა სოსო ხარატიშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე“, ეეჭვება, სასამართლო გირაოს დათანხმდეს.

9 სექტემბერს რუსთავის სასამართლო ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების ფორმაზე იმსჯელებს.

რუსთავის პოლიციის თანამშრომლებს მიხეილ ღუბიანურსა და დავით მიროტაძეს, ასევე ყოფილ პოლიციელს დიმიტრი დუღაშვილს, ბრალი სსკ-ის 143-ე მუხლით აქვთ წაყენებული, რაც ჯგუფურად ჩადენილ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

გიორგი ასათიანს ბრალი სსკ-ის 109 მუხლით აქვს წაყენებული, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გიორგი გეთაშვილს - სსკ-ის 143 მუხლით, კონკრეტულად კი 25-143-3ა-თი, რაც ადამიანის უკანონო თავისუფლების აღკვეთაში დახმარებას გულისხმობს. სამართალდამცავები მკვლელობაში ეჭვმიტანილ კიდევ ერთ პირს - ზურაბ ჯღარკავას ეძებენ.

პროკურატურის მიერ ოფიციალურად წაყენებულ ბრალში აღნიშნულია, რომ გიორგი ასათიანმა და ზურაბ ჯღარკავამ, დავით მუმლაძესთან დაპირისპირების გამო, დაგეგმეს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და შურისძიების მოტივით, მისი განზრახ სიცოცხლის მოსპობა.

გამოძიების ინფორმაციით, განზრახვის განხორციელების მიზნით, გიორგი ასათიანი და ზურაბ ჯღარკავა დაუკავშირდნენ გიორგი გეთაშვილს, რომელსაც დაავალეს დავით მუმლაძის საცხოვრებელი სახლიდან მოტყუებით გამოყვანა, რათა მიხეილ ღუბიანურს, დავით მიროტაძეს და დიმიტრი დუღაშვილს წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, თავისუფლება უკანონოდ აღეკვეთათ დავით მუმლაძისთვის.

პროკურატურის ბრალდებაში აღნიშნულია, რომ გეთაშვილმა მოტყუებით გამოიყვანა მუმლაძე, ჩასვა საკუთარ ავტომობილში და გლდანის მიმართულებით წაიყვანა, სადაც მას უკვე ელოდნენ მიხეილ ღუბიანური, დავით მიროტაძე და დიმიტრი დუღაშვილი.

ამ უკანასკნელებმა გააჩერეს ავტომობილი, გადმოიყვანეს მუმლაძე, ჩამოართვეს პირადი ნივთები და პისტოლეტი, დაადეს ხელბორკილები და გადაიყვანეს საკუთარ მანქანაში. აღნიშნულის შემდეგ მათ დავით მუმლაძე ჩაიყვანეს ქალაქ რუსთავში, სადაც შეთანხმებისამებრ შეპყრობილ მდგომარეობაში გადასცეს ზურაბ ჯღარკავას და გიორგი ასათიანს, მათ კი უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი დავით მუმლაძე იძულებით ჩასვეს ავტომობილ „მერსედესში“ და მისი ნების საწინააღმდეგოდ მიიყვანეს რუსთავში მდინარე მტკვრის პირას, სადაც მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით მიაყენეს მრავლობითი ჭრილობები, რამაც გამოიწვია დავით მუმლაძის სიცოცხლის მოსპობა.

35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს 1-ლი ოქტომბრიდან ეძებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG