Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა თადუმაძის თქმით, მისი დიპლომი იურიდიულ და ფაქტიურ მოცემულობას ასახავს


შალვა თადუმაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. 2019 წლის 9 ოქტომბერი

საქართველოს გენერალური პროკურორი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შალვა თადუმაძე მისი დიპლომით გამოწვეულ ეჭვებს იმით პასუხობს, რომ სასწავლებელი ექსტერნატის ფორმით დაამთავრა.

9 ოქტომბერს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში მოსმენისას თადუმაძემ თქვა, რომ სკოლა 1994 წელს დაამთავრა და იმავე წელს ჩააბარა „თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში“, რომლის სამეწარმეო სახელწოდება იყო „ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი“.

შალვა თადუმაძის განცხადებით, მაშინდელი კანონმდებლობით, ყველა კონკრეტულ იურიდიულ პირს ჰქონდა უფლება, უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობა განეხორციელებინა, თუ მოთხოვნილ სტანდარტებს აკმაყოფილებდა და იმ პერიოდში ინსტიტუტი უფლებამოსილი იყო, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები გამოეშვა სამართალმცოდნის კვალიფიკაციით.

თადუმაძის განმარტებით, 1997 წელს მიღებულ იქნა კანონი, რომლის მიხედვით, ნებისმიერ სტუდენტს და მოსწავლეს შეეძლო ექსტერნატის ფორმით დაესრულებინა ნებისმიერი კურსი: „მე გამოვიყენე ეს შესაძლებლობა, მივმართე შესაბამის ინსტიტუტს, რომ სურვილი მქონდა ექსტერნატის ფორმით დამესრულებინა სასწავლებელი შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ. 1998 წელს სპეციალურად გავედი გამოცდაზე - ეს იყო იმ სტანდარტის უნივერსიტეტი, რაც 1998 წელს იყო - გავედი გამოცდაზე, ჩავაბარე და გაიცა დიპლომი“.

შალვა თადუმაძემ ისიც თქვა, რომ არსებობს განათლების მინისტრის ბრძანება დიპლომის ფორმის და მისი შევსების წესის შესახებ. იურიდიულად დიპლომი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია, შესაბამისი ნომრებით და დაცვითი სისტემებით და მკაცრადაა გაწერილი, თუ რა უნდა ჩაიწეროს.

„დიპლომში აუცილებელი მოთხოვნა მაშინ და დღესაც არის დიპლომის გაცემის ფაქტიური პერიოდი. 1998 წლის კონკრეტული რიცხვია იმიტომ, რომ ფაქტიურად 98-ში გასცა და მეორე აუცილებელი მოთხოვნა იყო სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობის დაფიქსირება. არა როდის ჩააბარა, არამედ სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობის დაფიქსირება. 1998 წელს მე დავამთავრე ხუთწლიანი სასწავლო პროგრამა ექსტერნატის ფორმით. შესაბამისად, დიპლომის გამცემი ვალდებული იყო ჩაეწერა ხუთწლიანი პროგრამის განმსაზღვრელი ვადა და ეს, ბუნებრივია, წლებით განისაზღვრებოდა. რომ ჩაეწერა 1994-1998, ერთის მხრივ, მე მექმნებოდა პრობლემა იმიტომ, რომ არ ჩამეთვლებოდა (ხუთწლიანი) და მეორე - ეს არ იქნებოდა იურიდიული საფუძველი“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ დიპლომში სწავლის დაწყების თარიღად მითითებულ დროს - 1993 წელს, ინსტიტუტი ჯერ არ არსებობდა, შალვა თადუმაძის განმარტებით: „როცა მიმითითეს (1998წ.), მაშინ არსებობდა, მას ჰქონდა უფლება დიპლომის გაცემის, მას ჰქონდა უფლება ექსტერნატის ფორმით სტუდენტისთვის შესაძლებლობის მიცემით. შესაბამისად, ის მოქმედებდა თავისი იურიდიული უფლებამოსილების ფარგლებში და სხვა შესაძლებლობას 1997 წლის კანონი არ უტოვებდა. თუ აძლევდა პირს უფლებას, რომ ჩაებარებინა ექსტერნატის ფორმით, ვალდებული იყო დაეფიქსირებინა სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა, რომელიც ყველგან და ყოველთვის განისაზღვრება წლებით“.

შალვა თადუმაძის განცხადებითვე, შესაბამისად, მის დიპლომში არსებული ჩანაწერი - 1993 და 1998 წლები არის ის იურიდიული და ფაქტიური მოცემულობა, რომელიც უნდა დაფიქსირებულიყო.

7 ოქტომბერს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ შესაბამის უწყებებს მოუწოდა, შეისწავლონ შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის საკითხი, რადგან დიპლომში მითითებულია, რომ „თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში“ 1993 წელს ჩააბარა, მაშინ როცა თავად ეს სასწავლებელი 1994 წელს დაფუძნდა. გარდა ამისა, სასწავლებლის დამთავრების თარიღად დიპლომში 1998 წელია აღნიშნული, ხოლო შალვა თადუმაძეს ბიოგრაფიაში მითითებული აქვს 1999 წელი. ურთიერთგამომრიცხავ მონაცემებზე მიუთითებდა სახალხო დამცველიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG