შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ წლების განმავლობაში თანამშრომლობდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც დღეს მის დიპლომთან დაკავშირებით კითხვებს სვამენ.
შალვა თადუმაძე - საქართველოს გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი - პარლამენტში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
თადუმაძე ჰყვება, რომ 4 წელი იყო დაქირავებული როგორც ადვოკატი "ღია საზოგადოების ფონდის" მიერ, ამ დიპლომისა და ავტობიოგრაფიის საფუძველზე.
"ოთხი წელი ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ჩემი კვალიფიკაციით კმაყოფილი იყვნენ", - ამბობს თადუმაძე.
პროკურორის თქმით, მას ორწლიანი კონტრაქტი ჰქონდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც.
"მე მესმის, რომ მის [საია-ს] ახლანდელ თავმჯდომარეს საზოგადოებრივი რეპუტაცია არ აქვს, მაგრამ მე საია-დან ძალიან ბევრი რამე მივიღე როგორც იურისტმა და გული მწყდება, როცა ეს ორგანიზაცია თავის არქივში არ ეძებს, ვინ არის შალვა თადუმაძე და ქმნის სურათს, რომელიც მერე უნდა დაიდგას როგორც "თაღლითი, უდიპლომო შალვა თადუმაძე..."
შალვა თადუმაძემ ისაუბრა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელ ეკა გიგაურზეც და თქვა:
"მე მგონია, რომ სახელმწიფოსთვის, რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირისთვის და თავად ეკა გიგაურისთვის არ იქნება უმჯობესი, მე დღეს ამ ტრიბუნიდან რამე განცხადება გავაკეთო".
არასამთავრობოების პასუხი
შალვა თადუმაძეს პასუხობს "ღია საზოგადოება" და აცხადებს, რომ შალვა თადუმაძეს არასოდეს ჰქონია არც შრომითი და არც სხვა სახის პირდაპირი თანამშრომლობითი ხელშეკრულება ფონდთან:
"საქართველოში არსებობის 25 წლის განმავლობაში ფონდის მიერ დაფინანსებული ასობით პროექტიდან, შალვა თადუმაძე შესაძლოა ჩართული ყოფილიყო რომელიმე პროექტის განხორციელებაში. ასეთ შემთხვევაში ფონდი არასოდეს ითხოვს პროექტში მონაწილე პირთა დიპლომებს და ენდობა წარმოდგენილ პროფესიულ რეზიუმეს".