Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავთო წერეთელი მოსამართლეს: ვერ გავიგე რა ბრალი წამიყენეთ


თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

სხდომას სამივე ბრალდებული ესწრება.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი სასამართლოს დარბაზიდან იუწყება მოსამართლის კითხვაზე, ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ აღნიშნულ ბრალდებაში, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთო წერეთელი, პასუხობენ: „რა თქმა უნდა, არა”.

ბადრი ჯაფარიძე მოსამართლეს პასუხობს, „ეს ბრალდება არის სრული ცილისწამება”.

ავთო წერეთელი კი პასუხობს, “ვერ გავიგე, რა ბრალი წამიყენეთ”.

პროცესზე მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. მამუკა ხაზარაძისდა ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის შუამდგომლობებს დააყენებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 10 ოქტომბერს 11 საათზე დაიწყო წინასასამართლო სხდომა „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების საქმეზე. სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.

გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.

ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს 2019 წლის ივლისში. აგვისტოში სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. პროკურატურამ ამ ზომას უწოდა „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღება“.

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვთ 700 000-700 000 ლარის გირაო.

22 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წელს, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ავთო წერეთლის კომპანიების „სამგორი თრეიდის“ და „სამგორი M“-ისთვის „თიბისი ბანკის“ მიერ გაცემული სესხის გამოყენებით განახორციელეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

გამოძიება ავთო წერეთელს ედავება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის „16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას“.

ამავე საქმეზე 8 აგვისტოს, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, ავთო წერეთლის შვილი, სამაუწყებლო კომპანია „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელიც დაიკითხა.

ავთო წერეთელს 500 ათასლარიანი გირაო აქვს შეფარდებული

XS
SM
MD
LG