Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურორი: ხაზარაძე - ჯაფარიძის დაცვის მხარემ მტკიცებულებები კანონის დარღვევით მოიპოვა


არჩილ ტყეშელაშვილი
არჩილ ტყეშელაშვილი

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალეულობა. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული წინასასამართლო სხდომის შემდეგ მან თქვა, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაცვის მხარის მიერ კანონდარღვევით წარდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლობას შეეხებოდა:

„დაცვის მხარემ დიდ ბრიტანეთში და ჰოლანდიაში ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები, გამოკითხა მოწმეები და აღნიშნული ქვეყნების ტერიტორიაზე ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით მოიპოვა მტკიცებულებები. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები არის კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებული და დავაყენეთ შუამდგომლობა დაუშვებლად ცნობაზე. დაცვის მხარემ არასწორად მიუთითა ნორმა, არ აქვს მხარეს საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის კანონით მოიპოვოს მტკიცებულება, ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები და დაცვის მხარის ინტერპრეტაცია კანონზე არასწორია“, – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

მან საქმეში დაზარალებულ მხარეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ამ შემთხვევაში ტრანზაქციებით და თანხის თაღლითურად დაუფლების დროს ზიანი მიადგა „თიბისი ბანკს“. ადვოკატის განმარტებით, თიბისი ბანკის დაზარალებულად ცნობა იმის გამო არ მოხდა, რომ დანაშაული, თაღლითობა „ხანდაზმულია“:

„რაც შეხება უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას, ამ შემთხვევაში ზიანი ადგება ზოგადად ჩვენი ქვეყნის და არა მარტო ჩვენი ქვეყნის, მთელი მსოფლიოს საფინანსო ეკონომიკურ სისტემას. ამ დანაშაულს კონკრეტული დაზარალებული არ ჰყავს, სწორედ ამიტომ არ დევს საქმეში დაზარალებულად ცნობის დადგენილება. რაც შეეხება თითქოსდა ეს სისხლის სამართლის საქმე უკავშირდება სხვა მოტივებს, ჟურნალისტებმა გააჟღერეს თითქოს უკავშირდება რომელიმე ტელევიზიის საქმიანობას, ეს არის სიცრუე, ტყუილი და სპეკულაცია“, - აღნიშნა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა 10 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებლობის საკითხზე იმსჯელეს. სხდომა 25 ოქტომბერს გაგრძელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის განხილვის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაცვის მხარეს საერთოდ შეეზღუდება თავის დაცვის საშუალება.

გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.

ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს 2019 წლის ივლისში. აგვისტოში სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. პროკურატურამ ამ ზომას უწოდა „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღება“.

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვთ 700 000-700 000 ლარის გირაო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG