თბილისის საქალაქო სასამართლოში, ამ ეტაპზე, არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული საკრებულოს დეპუტატის სასამართლო სხდომა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ გაიმართება.
საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, ერთი კვირაა მკურნალობის კურსს კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ გადის. ის უარყოფს მისი თანაშემწის, თამთა თოდაძის ბრალდებას სექსუალური ძალადობის შესახებ და ამბობს, რომ "ამ ამბით შოკირებულია".
როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს საქალაქო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, ამ დრომდე სასამართლოში არ შესულა არანაირი განცხადება გასვლითი სასამართლო სხდომის ჩატარების მოთხოვნით:
„ადვოკატს არ მოუმართავს ჩვენთვის და არ უცნობებია, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას, რომ მოხდეს მისი სასამართლოში ეტაპირება. თუკი ამის შესახებ გვეცნობება, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩატარდეს გასვლითი სხდომა. ჩვენც გავეცანით მედიაში გავრცელებულ ცნობას, რომ სხდომა დღეს, 11 ოქტომბერს კლინიკაში უნდა ჩატარდესო, თუმცა, გიმეორებთ, სასამართლოში ამ მოთხოვნით არანაირი განცხადება არ შემოსულა“.
საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სად გაიმართება სასამართლო სხდომა უახლოესი ერთი საათის განმავლობაში გაირკვევა:
„ველოდებით კლინიკის დირექტორის ცნობას ილია ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ექიმი გვაძლევს რეკომენდაციას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დამატებითი სტრესის თავიდან აცილების მიზნით, სხდომა უნდა ჩატარდეს კლინიკაში. 10 ოქტომბერს ველაპარაკე მოსამართლის თანაშემწეს და ვთხოვეთ პროკურატურას, რომ საქმის კურსში ჩაეყენებინა მოსამართლე გასვლითი სხდომის ჩატარების შესახებ“.
როგორც პროკურატურაში განუმარტავენ რადიო თავისუფლებას, ამ უწყებას არ ევალება მიმართოს სასამართლოს გასვლითი სხდომის ჩატარების მოთხოვნით.
10 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასამართლო სხდომა აღკვეთის ღონისძიების თაობაზე 11 ოქტომბერს, 12:30 საათზე უნდა გაიმართოს.
სისხლის სამართლის საქმე თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიმართ ორი მუხლითაა აღძრული: 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
როგორც თამთა თოდაძის ადვოკატი, თამარ ლუკავა ეუბნება რადიო თავისუფლებას, პროკურატურამ ილია ჯიშკარიანისათვის გირაოს შეფარდებას მოითხოვა.
დაზარალებულის მხარე ეწინააღმდეგება პროკურატურის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ ილია ჯიშკარიანს პატიმრობა უნდა შეეფარდოს.