Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თქვენმა გადაწყვეტილებამ დააზიანა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი - სამადაშვილი კაკაბაძეს


თქვენი გადაწყვეტილებით დააზიანეთ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემო, - მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ვლადიმერ კაკაბაძეს, 11 ოქტომბერს გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე.

„ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში „ფილიპ მორისის“ ცნობილ საქმესთან დაკავშირებით ინიცირებულია „საქართველოს სამართლიანი ბიზნესის სანქციების აქტი“.

ეს აქტი ჯერჯერობით არ არის მიღებული, მაგრამ... ნებისმიერი ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც აპირებს დააბანდოს ფული ამა თუ იმ ეკონომიკურ პროექტში, აუცილებლად ინფორმირებული იქნება, რომ ეს აქტი არის ინიცირებული და ეს არის თქვენი გადაწყვეტილების შედეგი“, - მიმართა კანდიდატს სალომე სამადაშვილმა.

ამ შემთხვევაში ლაპარაკია სასამართლო დავაზე „თბილისის თამბაქოსა“ და „ფილიპ მორისს“ (Philip Morris) შორის, რომელიც, მოსამართლე კაკაბაძის გადაწყვეტილებით, ამ უკანასკნელისთვის, ოპოზიციის განცხადებით, 93 მილიონის დაკისრებით დასრულდა. საქმე ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის სახელს უკავშირდება და 11 ოქტომბრის საკომიტეტო მოსმენაზე ოპოზიციამ მოსამართლე კაკაბაძე მიკერძოებული და უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება თამბაქოს ბიზნესის საქმესთან დაკავშირებით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, როგორც თავად ამბობს, არ იცის, არსებობს თუ არა ასეთი აქტი ამერიკის კონგრესში; თუმცა აცხადებს, რომ ამერიკა, როგორც მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ასეთ აქტს არასოდეს დაამტკიცებს და ამისათვის არც შესაბამისი საფუძველი არსებობს.

„ქალბატონო სალომე, ვერ დაგეთანხმებით თქვენს შეფასებებში. თქვენი შეფასებები რაციონალური მსჯელობის ფარგლებს შორდება... გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ არის შესული და, შესაბამისად, ვერ ვილაპარაკებთ მის ჰიპოთეტურ ზიანზე... როგორ გავთვლით მის ზიანს?!“, - ამ შინაარსის განცხადებებით პასუხობდა მოსამართლეობის კანდიდატი დეპუტატს.

„მე თქვენი დათანხმება კი არ მჭირდება... ინფორმირება მოვახდინე თქვენი, რადგან არ იყავით ინფორმირებული - როგორ დააზიანა ამ გადაწყვეტილებამ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მიღებული გადაწყვეტილების გამო, საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა, ფადი ასლიმ მოსამართლე კაკაბაძე მედიასთან კორუმპირებულად მოიხსენია, რის გამოც ვლადიმერ კაკაბაძემ მას უჩივლა და მოუგო ორი ინსტანციის პროცესები. თუმცა უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა პირველი და მეორე ინსტანციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

11 ოქტომბერს, აწ უკვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ვლადიმერ კაკაბაძემ განაცხადა, რომ ამ საქმის სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნას გეგმავს.

ვლადიმერ კაკაბაძე უკვე მეათე კანდიდატია, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უსმენენ. კაკაბაძე 2006 წლის აგვისტოდან 2019 წლის ივლისამდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ.

2019 წლის ივლისიდან დღემდე იგი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG