Accessibility links

მაკრონი: სირიაში თურქეთის შეტევა შესაძლოა "ისლამური სახელმწიფოსთვის" ხელსაყრელი აღმოჩნდეს


საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი კვლავ გამოდის მოწოდებით, შეჩერდეს სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაცია და ამბობს, რომ ამას, შესაძლოა, ექსტრემისტული ორგანიზაციის, "ისლამური სახელმწიფოს" ხელახალი აღორძინება მოჰყვეს.

მაკრონი ამ განცხადებით გამოვიდა სატელეფონო საუბარში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი 12 ოქტომბერს.

მაკრონი ხაზს უსვამს, რომ რეგიონში "ისლამური სახელმწიფოს" ხელახალი აღორძინების არდაშვება ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ის ამბობს, რომ საჭიროა ქურთთა ძალების მხარდაჭერა, რომლებმაც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას დახმარება აღმოუჩინეს "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტებისგან სირიისა და ერაყის ტერიტორიების დაბრუნებაში.

განცხადებაში ნათქვამი არ არის, მოუწოდა თუ არა მაკრონმა აშშ-ის ძალებს ჩარევისკენ. რეგიონიდან გასვლის შესახებ ტრამპის გადაწყვეტილებამ გზა გაუხსნა თურქეთის შეტევას ქურთთა ძალებზე სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში. თურქეთი ამ ძალებს საფრთხედ აღიქვამს. 12 ოქტომბერი ანკარის ოპერაციის მეოთხე დღეა.

თურქეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო აცხადებს, რომ თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა, სირიის ოპოზიციურმა ძალებმა მიაღწიეს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე, სტრატეგიული მნიშვნელობის გზატკეცილს, რომელიც 30-მდე კილომეტრის მოშორებითაა თურქეთის საზღვრიდან, სამხრეთით.

თურქეთს ნათქვამი აქვს, რომ აპირებს, სირიის ქურთთა სახალხო დაცვის ფრონტის დანაყოფებს უკანდახევა აიძულოს. ანკარა ამ ჯგუფებს მიიჩნევს ტერორისტებად, მათი კავშირების გამო თურქეთში ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ქურთთა ამბოხებებთან.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 11 ოქტომბერს თქვა, რომ თურქეთი ოპერაციას არ შეწყვეტს, სანამ ეს დანაყოფები 32 კილომეტრით არ გადაინაცვლებენ სიღრმეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG