Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პარლამენტში უმწიკვლო სამსახურისთვის“ - წესდება ახალი საპარლამენტო ჯილდო


პარლამენტში 25-წლიანი მუშაობის სტაჟის მქონე თანამშრომლებს სამკერდე ნიშნით „საქართველოს პარლამენტში უმწიკვლო სამსახურისთვის“ დააჯილდოებენ. რეგლამენტში მომზადებული ცვლილებების პროექტი 14 ოქტომბრის ბიუროს სხდომას წარედგინება.

საპარლამენტო ჯილდოების სახეებს – საპარლამენტო ორდენსა და პარლამენტის მედალს, სამკერდე ნიშანი „საქართველოს პარლამენტში უმწიკვლო სამსახურისთვის“ დაემატება. ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შედის, რომლის ავტორები დეპუტატები, გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი არიან.

ცვლილებების გათვალისწინებით, სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდება საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომელი საკანონმდებლო ორგანოში 25 წლის უმწიკვლო სამსახურისთვის, თუ განვლილი სამსახურის პერიოდში, მისი წახალისებების რაოდენობა დისციპლინური გადაცდომების რაოდენობას აღემატება და ამ სამკერდე ნიშნით დაჯილდოების პერიოდში მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ მოქმედებს.

მომზადებული ცვლილებებით განისაზღვრება, რომ სამკერდე ნიშნით „საქართველოს პარლამენტში უმწიკვლო სამსახურისთვის“ პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს და ამ სამკერდე ნიშნის აღწერილობას დაადგენს პარლამენტის თავმჯდომარე.

„გამოცდილების მქონე კადრისთვის მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა მნიშვნელოვანი და საამაყოა. შესაბამისად, კანონმდებლობაში დაჯილდოების კიდევ ერთი შესაძლებლობის გაჩენის მიზანია თანამშრომელთა დამსახურების ხაზგასმა და მათი კეთილდღეობის ხელშეწყობა“, - განმარტავენ ცვლილებების ავტორები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG