Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრემიერი ირანს და საუდის არაბეთს სტუმრობს, შუამავლობის შესახებ ცნობების ფონზე


პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, იმრან ხანი ტურნეს მართავს შიიტთა ხელმძღვანელობის მქონე ირანში და შემდეგ სუნიტური უმრავლესობის მქონე საუდის არაბეთში, გავრცელებული ცნობების ფონზე, რომ ის შუამავლობას შეეცდება ამ ორ, მსხვილ რეგიონულ მეტოქეს შორის ათწლეულების განმავლობაში არსებულ განხეთქილებაში.

ხანი 13 ოქტომბერს თეირანში ჩავიდა და შემდეგ საუდის არაბეთში გაემგზავრება.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხანს სთხოვა, ირანსა და საუდის არაბეთს შორის დაძაბულობის განმუხტვაში გარკვეული როლი ეკისრა, მას შემდეგ, რაც 14 სექტემბერს საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტზე თავდასხმა განხორციელდა. ვაშინგტონი, რიადი და დასავლური ძალები თავდასხმაში ირანს ადანაშაულებენ, თავად თეირანი კი ამას უარყოფს.

"საუდის არაბეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ირანი კი მეგობარი და მეზობელი", - განაცხადა მიმდინარე კვირაში პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შან მეჰმუდ ყურეშიმ და დასძინა: "გვსურს, ამ ორ მუსლიმურ ქვეყანას შორის გაუგებრობა განიმუხტოს მოლაპარაკების გზით". ყურეშის თქმით, რეგიონი თავს ომის უფლებას ვერ მისცემს. სამინისტროს თქმით, ხანის ინიციატივა წარმოადგენს "პაკისტანის პრემიერის ძალისხმევას რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად".

ხანის ვიზიტის ფონია თეირანის განცხადება, რომ მის ნავთობის ტანკერზე რაკეტებით "ლაჩრული თავდასხმა" განხორციელდა წითელ ზღვაში, საუდის არაბეთთან ახლოს, 11 ოქტომბერს. ინდიცენტი დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის.

XS
SM
MD
LG