Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ერთკაციანი აქციები გაიმართა ოთხი წლით პატიმრობამისჯილი აქტივისტის მხარდასაჭერად


რუსეთის დედაქალაქში 13 ოქტომბერს რამდენიმე ერთკაციანი აქცია გაიმართა, ოპოზიციის აქტივისტის მხარდასაჭერად, რომელსაც ოთხი წლით მიუსაჯეს პატიმრობა არასანქცირებულ დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო.

მოქალაქეებს ხელში ეჭირათ პლაკატები, რომლებზეც აქტივისტის, კონსტანტინ კოტოვის მხარდასაჭერი სიტყვები ეწერა. აქციები გაიმართა ადგილებში, სადაც ის დააპატიმრეს, პატიმრობა მიუსაჯეს და პატიმრობაში ამყოფებენ.

რუსეთის კანონმდებლობით ერთკაციანი აქციების გამართვა შესაძლებელია ოფიციალური ნებართვის გარეშეც.

ტვერის უბნის სასამართლომ 5 სექტემბერს გამოიტანა განაჩენი, რომ კოტოვმა "უგულებელყო კონსტიტუციის საბაზისო პრინციპები", რადგან არ შეწყვიტა მონაწილეობა არასანქცირებულ აქციებში მას შემდეგაც, რაც დამნაშავედ იქნა ცნობილი საზოგადოებრივი თავშეყრის შესახებ კანონის დარღვევაში.

"დანაშაულს არ ვაღიარებდი და არ ვაღიარებ. მწამს, რომ მშვიდობიან დემონსტრაციაში მონაწილეობის მიღება დანაშაული არ არის", - უთხრა აქტივისტმა სასამართლოს.

კომპიუტერული პროგრამების სპეციალისტს, 34 წლის კოტოვს განაჩენი გამოუტანეს კამათის საგნად ქცეული კანონით, რომელიც დანაშაულად აცხადებს ერთზე მეტ არასანქცირეულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას 180 დღის განმავლობაში.

კოტოვი 10 აგვისტოს დააკავეს, რადგან მონაწილეობა მიიღო აქციაში, რომლითაც მოითხოვდნენ ოპოზიციის და დამოუკიდებელი კანდიდატების ჩართვას მოსკოვის ქალაქის საბჭოს არჩევნებში, 8 სექტემბერს.

კანდიდატების კენჭისყრაზე არდაშვებამ მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში ზაფხულში საპროტესტო ტალღას მისცა ბიძგი. ზოგიერთი აქცია პოლიციამ ძალადობრივად დაარბია, ცოტა ხნით დააკავეს ათასობით მოქალაქე, რასაც საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა.

კოტოვი ერთ-ერთია რამდენიმე აქტივისტს შორის, რომლებსაც პატიმრობა მიესაჯათ აქციების შემდეგ. ამ საქმეს "მოსკოვის საქმე" ეწოდა.

18 სექტემბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების ჯგუფმა კოტოვის შემთხვევა გამოყო ღია წერილში, რომელშიც შეშფოთება გამოთქვა ხელისუფლების მიერ დემონსტრანტებზე ზეწოლის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG