Accessibility links

ასადმა სირიის ჩრდილოეთში ჯარი გაგზავნა "თურქეთის აგრესიის" შესაჩერებლად


ხედი სირიის ჩრდილოეთში, თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ რას-ალ-აინზე

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა არმიის ქვედანაყოფები გაგზავნა ქვეყნის ჩრდილოეთში, სადაც მეორე კვირაა მიმდინარეობს თურქეთის სამხედრო ოპერაცია.

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სანა“ იუწყება, რომ სამთავრობო ძალები წინააღმდეგობას გაუწევენ თურქეთის აგრესიას. ასადის ხელისუფლებამ ქვეყნის ჩრდილოეთში სამხედრო ნაწილების გაგზავნა ქურთების დაჯგუფებებთან შეთანხმებით გადაწყვიტა. სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ასადის მთავრობის და მისი მოწინააღმდეგე „დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენელთა მოლაპარაკება გაიმართა ლატაკიაში მდებარე საავიაციო ბაზაზე, რომელსაც რუსი სამხედროები აკონტროლებენ.

პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 9 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ თურქეთის ჯარებმა ჩრდილოეთ სირიაში დაიწყეს ოპერაცია „მშვიდობის წყარო”, რომელიც მიმართულია ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. ანკარის ქმედებებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.

გაეროს მონაცემებით, თურქეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, საბრძოლო მოქმედებების რაიონი 130 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG