საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში, უკრაინელ ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევა 13 ოქტომბერს, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მოხდა.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია 1967 წელს დაბადებული გ.თ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ გ.თ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უკრაინის მოქალაქე ლ.კ-ს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მისი კუთვნილი ნივთები დააზიანა.
გამოძიება მიმდინარეობს ძალადობისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლისა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილებით. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.