Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა ნათელაშვილი თურქეთისგან ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას მოითხოვს


შალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი

საქართველოს „ლეიბორისტული შრომის პარტია“ თურქეთის ხელისუფლებისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები და „გაიყვანოს შეაიარაღებული ძალები ქურთული ზონებიდან, იმ ტერიტორიებიდან, სადაც ცხოვრობს ძალიან გმირი და მაგარი ხალხი და რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ისლამური სახელმწიფოს დამარცხებაში“.

ლეიბორისტულმა პარტიამ დღეს ქურთების სოლიდარობის მიზნით თბილისში, თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა. აქციაზე პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ის, რაც სირიაში ხდება, პირდაპირ ეხება საქართველოს უსაფრთხოებასაც:

რა თქმა უნდა, ძალიან არასასიამოვნოდ განვითარდა ვითარება. აბსოლუტურად მცდარი იყო პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება სირიიდან ამერიკის შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ. ამან პირდაპირ მისცა პროვოცირება თურქეთს, დაეწყო სამხედრო მოქმედებები. და ძალიან სასიამოვნოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ორივე პარტია, რესპუბლიკელები და დემოკრატები, ამ ნაბიჯის წინააღმდეგ გამოვიდნენ და მუშავდება უკვე თურქეთზე შესაბამისი სანქციების კანონპროექტი და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ.

რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა ისიც, რომ ამ მდგომარეობამ გააძლიერა რუსეთის პოზიციები სირიაში, აიძულა ქურთები გამოეცხადებინათ ზავი სირიის ხელმძღვანელობის მიმართ რუსების შუამავლობით. და პრაქტიკულად გამოვიდა ისე, რომ რუსეთმა ყველაზე მეტი მოიგო აი, ამ კონფლიქტით. იმ რუსეთმა, რომელიც ჩვენი ოკუპანტია ამ წუთებში“, - აღნიშნა საპროტესტო აქციაზე შალვა ნათელაშვილმა.

პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 9 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ თურქეთის ჯარებმა ჩრდილოეთ სირიაში დაიწყეს ოპერაცია „მშვიდობის წყარო”, რომელიც მიმართულია ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. ანკარის ქმედებებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.

გაეროს მონაცემებით, თურქეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, საბრძოლო მოქმედებების რაიონი 130 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG