სომხეთი ელის ქართული მხარის განმარტებას საქართველოში სომეხი ჟურნალისტების არშეშვების საკითხზე. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა 15 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენთვის ცნობილია ამ პრობლემის შესახებ, სომხეთის საელჩო საქართველოში დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ქართველ პარტნიორებს. ჩვენი მიდგომა ამ საკითხის მიმართ გადავეცით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ველით, რომ ქართული მხარე განმარტებას გააკეთებს. ამის შემდეგ, ჩვენი საელჩო საქართველოში გააკეთებს შესაბამის განცხადებას“.
სომეხ ჟურნალისტებს საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარი უთხრეს 11 ოქტომბერს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ სომეხი ჟურნალისტების არშეშვებაზე გადაწყვეტილება სხვადასხვა უწყებამ - შსს-მ, სუს-მა - ერთობლივად მიიღო. უწყებაში ჟურნალისტებისთვის უარის თქმის კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებენ და მიუთითებენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის „ი“ ქვეპუნქტზე. ამ კანონით, საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება იყოს „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“.
წაიკითხეთ: არანაირი განმარტება - რას ჰყვება სომეხი ჟურნალისტი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს