Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა დღის ბოლომდე ელოდება "ანაკლიის კონსორციუმის" შუალედური ვალდებულებების შესრულებას


საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ 15 ოქტომბერს, დღის ბოლომდე ელოდებიან „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ შუალედური ვალდებულებების შესრულებას.

„მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს, საინვესტიციო ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, 2019 წლის ბოლომდე ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მიეცა ვადა, მოიპოვოს პორტის მშენებლობის პირველი ფაზისთვის საჭირო დაფინანსება როგორც საკუთარი კაპიტალის მოზიდვის ნაწილში, ასევე, წლის ბოლომდე კონსორციუმმა უნდა წარმოადგინოს ბანკებთან ოთხას მილიონ დოლარზე გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებები“, - განაცხადა დღეს, 15 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა შუალედური ვადები, კერძოდ, 15 ოქტომბერს კონსორციუმმა უნდა შეასრულოს ორი ვალდებულება - უნდა წარმოადგინოს საკუთარი კაპიტალის, 120 მილიონი დოლარის მოზიდვაზე პოტენციურ ინვესტორებთან ხელმოწერილი ხელშეკრულებები, რომელთა ძალაში შესვლა დამოკიდებულია ბანკებიდან 400 მილიონი დოლარის სესხების მოზიდვაზე. ცქიტიშვილის ინფორმაციით, მეორე ვალდებულების თანახმად, კონსორციუმმა უნდა წარადგინოს საერთაშორისო ბანკებთან ხელმოწერილი წინასწარი შეთანხმებები 400 მილიონი დოლარის სესხების მოზიდვაზე, საქართველოს მთავრობისთვის მისაღები პირობებით.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, შუალედური ვალდებულებების დროულად შესრულება მნიშვნელოვნად განაპირობებს 2019 წლის ბოლომდე კონსორციუმის მხრიდან დაფინანსების მოპოვების თაობაზე ვალდებულებების შესრულებას და თუ 15 ოქტომბერს, დღის ბოლომდე კონსორციუმი ამ ვალდებულებებს არ შეასრულებს, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, „მოშალოს საინვესტიციო ხელშეკრულება“.

„ჩვენ ვალდებული ვართ დაველოდოთ დღის ბოლომდე და მხოლოდ 2019 წლის 16 ოქტომბერს გაცნობოთ ამ ვალდებულებების შესრულების ვადების თაობაზე“, - თქვა მაია ცქიტიშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG