Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ არჩევნებში ხმების 60%-ს მიიღებს


„ვფიქრობ, რეალური სურათი, რაც შეიქმნება საპარლმენტო არჩევნების შემდეგ, არის: „ქართული ოცნება“ - 60%; „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი „ევროპული საქართველოთი“ - 20%; დანარჩენი ოპოზიცია - 20%. „ქართული ოცნებისთვის“ ეს მიღწევადი შედეგია“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოსალოდნელ შედეგებზე საუბრისას განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნებში გაიმარჯვებს. მანვე განმარტა, რა შემთხვევაში შეიძლება თეორიულად კოალიციის შექმნის აუცილებლობა დადგეს.

„რაც შეეხება 45%-ს. ეს მარტივი არითმეტიკა იყო და არის მარტივი არითმეტიკა. საუბარია მარტივ კალკულაციაზე, რომელიც გვაძლევს პროგნოზირების საშუალებას, თუ რა შემთხვევაში გახდება შესაძლებელი კოალიციის ფორმირება. ჩვენ ვიცით, როგორია სპექტრი და, ჩვენი ვარაუდით, დიდად არ შეიცვლება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. არსებული სპექტრის პირობებში, გამარჯვებულმა პარტიამ დაახლოებით 45% მაინც უნდა აიღოს, რომ შედგეს კოალიცია. გამარჯვებულ პარტიას რაც შეეხება, არავის ეპარება ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებში იქნება გამარჯვებული პარტია, თუმცა 45% არ არის ჩვენი მიზანი და ამოცანა. ვფიქრობ, რეალური სურათი, რაც შეიქმნება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არის: - „ქართული ოცნება“ - 60%; „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი „ევროპული საქართველოთი“ - 20%; დანარჩენი ოპოზიცია - 20%. “ქართული ოცნებისთვის” ეს მიღწევადი შედეგია“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

კითხვაზე, რა აძლევს ამგვარი მონაცემების დასახელების საფუძველს, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პროგნოზებში არსებითად არასდროს შემცდარა. ის არ ასახელებს, კოალიციის შექმნის შემთხვევაში ვისთან ითანამშრომლებს „ქართული ოცნება“. მხოლოდ გამორიცხავს თანამშრომლობას „ნაციონალურ მოძრაობასთან“, „ევროპულ საქართველოსა“ და ყველა იმ პარტიასთან, რომლებიც, მისი თქმით, ღიად უპირისპირდებიან ქვეყნის დასავლურ მიზნებს. კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ „მარჩიელობა აღარ დასჭირდება“ და არჩევნების შემდეგ შეძლებს ისეთი შედეგის მიღებას, რომელიც კოალიციის შექმნას აღარ გახდის აუცილებელს.

„სხვადასხვა არჩევნების დროს ყოველთვის ვაკეთებდი პროგნოზებს არჩევნების წინ და ამ პროგნოზებში არსებითად არასდროს შევმცდარვარ. შესაბამისად, ჩვენ არჩევნების შედეგების პროგნოზირება შეგვიძლია. რაც შეეხება 45%-ს, ეს არის მათემატიკა, არის პოლიტიკური პარტიები, ვისთანაც „ქართული ოცნებისთვის“ კოალიციის შექმნა არის შესაძლებელი. ამ კალკულაციით თუ წავალთ, გამოდის, რომ 45% მაინც უნდა მიიღოს გამარჯვებულმა პარტიამ და ის აუცილებლად იქნება „ქართული ოცნება“. საუბარია თეორიულ გათვლაზე, რა შემთხვევაში შესაძლებელია კოალიციის შექმნა“, - აცხადებს კობახიძე.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი კობახიძემ 14 ოქტომბერს „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა 2020 წლის მორიგი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელახალი არჩევნების ალბათობის შესახებ. მან თქვა, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება შეუძლებელიც კი გახდეს და მაღალია ალბათობა იმისა, რომ საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG