Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" მთავრობისთვის დღეს დოკუმენტაციის ჩაბარებას აღარ აპირებს


ლევან ახვლედიანი
ლევან ახვლედიანი

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონსორციუმი დღეს აღარ აპირებს ინფრასტრუქტურის სამინისტროში დოკუმენტაციის წარდგენას. როგორც ლევან ახვლედიანმა აღნიშნა, იმის ნაცვლად, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინა ანაკლიის პროექტისთვის, ბოლო რამდენიმე თვისა და კვირის განმავლობაში სამინისტრომ მისი „საბოტაჟირება“ მოახდინა. მისივე თქმით, კონსორციუმმა სამინისტროს ჩააბარა დოკუმენტაცია კონკრეტული ხედვებით და მთავრობას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდებდა;

„დღევანდელი 12 საათის ბრიფინგი ცალსახად ადასტურებს, თუ რა განწყობა აქვთ. იმის ნაცვლად, რომ გადავსულიყავით კონსტრუქციულ საუბარზე, კიდევ ერთხელ ხდება ნეგატიური დაკნინება ამ პროექტის“, - აღნიშნა ლევან ახვლედიანმა. მან ბრიფინგზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ კონსორციუმის მიმართ საბოტაჟის ფაქტები ჩამოთვალა:

მინდა მოგიყვეთ ორი კონკრეტული ფაქტი, რომელიც მოხდა ბოლო 6 კვირის მანძილზე. სამეთვალყურეო საბჭოსთან ერთად ურთულეს ვითარებაში, რაშიც მუშაობა გვიწევდა, ჩვენ შევძელით დიდი ძალისხმევის შედეგად, რომ მოგვეძიებინა ორი ახალი ინვესტორი, რომელიც დაინტერესდა ამ პროექტით. ერთი იყო ყაზახურ-ჰონგკონგური ჯგუფი და ამერიკული ძალიან მსხვილი საინვესტიციო ჯგუფი. პირველ ინვესტორს, მთავრობამ გაცნობითი შეხვედრისას პირდაპირ დაუფიქსირა, რომ ისინი არ მიესალმებოდნენ მათ ინვესტიციას, რადგან არ იყვნენ დასავლელი, კერძოდ, ამერიკული ინვესტორი. ჩვენშიც და ამ ინვესტორშიც აღნიშნულმა შეშფოთება გამოიწვია“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა. მისი თქმით, ყაზახი და ამერიკელი ინვესტორები პროექტში მონაწილეობისთვის მთავრობისგან ღია მხარდაჭერას მოითხოვდნენ:

„ჩვენ ამავდროულად მოვიყვანეთ ამერიკული ფონდი, რომელიც დაინტერესდა ამ პროექტით და მოითხოვა წერილობითი განცხადება მთავრობისგან, რომ ისინი მიესალმებოდნენ მათ მონაწილეობას. ამ წერილზე, მთავრობა დაგვპირდა, რომ გააკეთებდა და გაუგზავნიდა ფონდს, მაგრამ წერილი ადრესატს არასდროს მიუვიდა. ყაზახურ ინვესტორს ეუბნებიან, რომ რადგან ამერიკელები არ ხართ, ვერ მივესალმებით თქვენ მონაწილეობას, რადგან გვჭირდება ამერიკული ინვესტორიო, მოვიყვანეთ ამერიკული ინვესტორი და მათ ელემენტარული მინიმუმიც კი არ გააკეთეს, რომ წერილი გაეგზავნათ, მოეწვიათ და დაეპატიჟებინათ პროექტში“, - აღნიშნა ბრიფინგზე ლევან ახვლედიანმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიმართ მთავრობის მიერ გამოხატული საბოტაჟის ფაქტებს შორის ლევან ახვლედიანი ასახელებს, ასევე, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სამართლებრივ დევნას, ფოთის პორტის სასარგებლოდ გაცემულ ნებართვას და სხვა.

„ურთულეს პირობებში, ამ წინააღმდეგობის მიუხედავად, ახალმა სამეთვალყურეო საბჭომ კიდევ ერთხელ შევძელით და მოვიძიეთ ინვესტორები, რომლებიც დღესაც კი მზად არიან ინვესტიცია განახორციელონ ამ პროექტში. მინიმალური რამეა გასაკეთებელი მთავრობის მხრიდან, რაც უზრუნველყოფდა მათ იურიდიულ დაფიქსირებას პროექტში“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის მისამართით მან თქვა, რომ თუ მთავრობა ხელშეკრულებას შეწყვეტს, პროექტი დიდი ხნით გაჩერდება:

„დღევანდელ ბრიფინგზე დაფიქსირებული იყო, რომ ხვალ თუ კონკრეტულ დოკუმენტებს არ წარვადგენთ, მთავრობას უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ამ გზას თუ მთავრობა დაადგება, არცერთი მაღალი რეპუტაციის მქონე ინვესტორი თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ამ პროექტს არ გაეკარება და ეს პროექტი ძალიან დიდი ხნით გაჩერდება, სავარაუდოდ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა მიიღებს გონივრულ ზომებს“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ლევან ახვლედიანი არ ეთანხმება მთავრობის პოზიციას, რომ ხუთშაბათს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილში ანაკლიის განვითარების გეგმა არ არის გაწერილი. როგორც ახვლედიანი აცხადებს, წერილი იურისტებმა შეადგინეს, თუმცა, კონფიდენციალობის ვალდებულებიდან გამომდინარე, მის შინაარსზე ვერ ისაუბრებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG