Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე: ივანიშვილმა მითხრა, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?!


საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „მთავარი არხის“ ეთერში გაიხსენა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან 2017 წელს გამართული შეხვედრა.

როგორც ხაზარაძე ჰყვება, ივანიშვილმა ურჩია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისთვის თავი დაენებებინა.

„არ დამავიწყდება ძალიან ცუდი საუბარი ბიძინა ივანიშვილთან 2017 წელს. ეს არის ის დრო, როდესაც ჩვენ უკვე 20 მილიონი ინვესტირებული გვაქვს პორტში, წინა განვითარების პროგრამაში. მიდის გეოლოგიური შესწავლა, უცხოელები არიან ჩამოსულები და ა.შ. სულ ვაყენებდი საქმის კურსში მას [ბიძინა ივანიშვილს], შევხვდი მის რეზიდენციაში, საუბარი დაიწყო ძალიან მძიმედ, მითხრა, მოდი შევეშვათ ანაკლიას, შენ ეტყობა გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი. ასეთი რაღაც მითხრა: „რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?!“ მე მეგონა, რომ რაღაც შაყირთან გვქონდა საქმე, ვუთხარი, რომ ის კომპანია, SSA Marine ამ პროექტის მმართველი უნდა იყოს 25 წლის განმავლობაში. ვუთხარი, ყვითელ ზღვა იციან, წითელი ზღვა და შავი ზღვა რა პრობლემაა... და რომ მივხვდი, რომ იუმორზეც აღარ გვქონდა საუბარი“, - აღნიშნავს ხაზარაძე და იხსენებს, რა დაასახელა ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის პორტის პროექტის მხარდაჭერის მოტივად, - „თქვა [ივანიშვილმა], რომ ამ პროექტს იმიტომ დავუჭირე მხარი, რომ გიორგი გამაგრებულიყოო. პრემიერად, რომ დავნიშნე, რაღაც სალაპარაკო ჰქონოდა ხალხთან და ვფიქრობდი, რომ ჩინური სახელმწიფო კომპანია უნდა ყოფილიყოო და ახლა ძალიან ვერ ვხედავ ამის პერსპექტივასო“.

როგორც ხაზარაძე ამბობს, ივანიშვილთან შეხვედრაზე დაინახა, რომ ერთ კაცს შეუძლია, ხელაღებით ყველაფერი გადაშალოს: მინისტრთა კაბინეტი, ინვესტირება და ა.შ.

„მე ვკითხე, ხალხს რა ვუთხრათ-მეთქი, ხალხს? მიპასუხა: „ინტერვიუს მივცემ და ყველაფერი კარგად იქნებაო“, - თქვა ხაზარაძე.

ივანიშვილის დამოკიდებულების მიუხედავად, მამუკა ხაზარაძე ჰყვება, რომ მათ 2017 წელს მშენებლობა გახსნეს და ანაკლიაში დაიწყო ჰუმუსოვანი ფენის მოხსნა.

2018 წლის გაზაფხულზე კი, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირჩევენ, მას იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ურეკავს და ატყობინებს: „ბიძინა ივანიშვილთან ვართ დაბარებული, ამბობს, რომ ანაკლიის თემა უნდა განვიხილოთ“.

ხაზარაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე, სადაც ივანიშვილმა ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ განსხვავებულად ისაუბრა, ასევე ესწრებოდნენ, ბადრი ჯაფარიძე, ლევან ახვლედიანი, გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი.

„იმ შეხვედრაზე მან [ ბიძინა ივანიშვილმა] თქვა, რომ „მე [ბიძინა ივანიშვილს] მქონდა სხვა აზრი ამ ანაკლიასთან დაკავშირებით, ახლა დავბრუნდი პოლიტიკაში და მიმაჩნია, რომ ანაკლია არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და ამიტომ მინდა, რომ გიორგის [კვირიკაშვილს] მადლობა გადავუხადო, რომ კბილებით მოათრია ეს პროექტი აქამდე და მამუკასაც. ვიფიქრე, რომ მაშინ სხვანაირად ფიქრობდა და ამან ყველაფერმა გადაიარა. ამის შემდეგ, დაახლოებით ორ კვირაში გიორგი კვირიკაშვილი მიემგზავრება ამერიკაში, ყველაზე მაღალი დონის შეხვედრას ატარებს პრეზიდენტ ტრამპთან, ვიცე-პრეზიდენტს მიჰყავს სახლში ვახშამზე, ბრუნდება საქართველოში და 2-3 კვირაში გიორგი კვირიკაშვილს ხსნიან და 3 კვირაში იწყებენ თიბისი ჯგუფის მიმართ გამოძიებას, შემოდის ოთხი უწყება. რაღა ახსნა უნდა ამას, ჩვენ მივექანებით არა დასავლეთის, არამედ ჩრდილოეთისკენ“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

„ლელოს“ დამფუძნებლის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი იტყუებოდა, როდესაც ანაკლიის პორტის შესახებ დადებითად საუბრობდა.

„ტყუილები შექმნა ყველგან: თანაგუნდელებს ატყუებს; საზოგადოებას ატყუებს; ჩვენ გვატყუებს; შედით მის დანაპირებში, როცა ის კითხულობს და ამბობს, რომ გადავასწარით ბელგიას, შვეიცარიას და ამერიკასაც გადავასწარით. ნახეთ, რადიო თავისუფლების ამონარიდები, რეგიონებში მისი გამოსვლებიდან, ახლა, სულ რამდენიმე წლის წინ. ეტყობა მაშინ არ ვუსმენდით ხოლმე“, - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

შეკითხვას, რატომ მაშინვე არ ისაუბრა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ, ხაზარაძე პასუხობს, რომ მისი ამოცანა იყო, პროექტისთვის ბოლო წუთამდე ყველაფერი გაეკეთებინა. როგორც მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, 2017 წელს ივანიშვილთან საუბრის მიუხედავად, ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში 75 მილიონის დაბანდება მოახერხეს.

ხაზარაძე ამტკიცებს, მას ვერანაირი გარემოება ბიზნესში დაბრუნებას ვერ აიძულებს, სანამ თანამოაზრეებთან ერთად ქვეყანაში რეალობას არ შეცვლის.

რაც შეეხება ივანიშვილთან შეხვედრის საკითხს, მამუკა ხაზარაძის ვარაუდით, მისი ინტერვიუს შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „მესიჯბოქსს“ მიიღებენ და მის ლაპარაკს ჭორაობად შეაფასებენ.

15 ოქტომბერს ამოიწურა ვადა, როდესაც ინვესტორს უნდა წარმოედგინა სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა კაპიტალის სრულად შევსებას. გარდა ამისა, მას უნდა წარმოედგინა წინასწარი, არასავალდებულო დოკუმენტი, რომელიც შეეხებოდა სასესხო დაფინანსების მოპოვებას ბანკების მხრიდან.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვადას წლის ბოლომდე მისცემენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG