Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ კენტი: უკრაინის მიმართ პოლიტიკას განსაზღვრავდნენ ტრამპთან დაახლოებული პირები და არა სახელმწიფო დეპარტამენტი


ჯორჯ კენტი
ჯორჯ კენტი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპის და ევრაზიის საკითხებში, ჯორჯ კენტი კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში წარდგა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. მისი თქმით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში უკრაინის მიმართ აშშ-ის პოლიტიკას განსაზღვრავდნენ პრეზიდენტთან დაახლოებული ადმინისტრაციის წევრები და არა სახელმწიფო დეპარტამენტი.

კენტის თქმით, მიმდინარე წლის მაისში, მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, თეთრ სახლში გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპის აპარატის ხელმძღვანელის, მიკ მალვანის თავმჯდომარეობით. შეხვედრაზე განისაზღვრა, რომ უკრაინის მიმართ პოლიტიკისთვის პასუხისმგებელი იქნება სამი ადამიანი - ევროკავშირში აშშ-ის ელჩი გორდონ სონდლანდი, უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი და ენერგეტიკის მინისტრი რიკ პერი. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს ეთქვათ, ხელი არ შეეშალათ მათი მუშაობისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, პერი, სონდლანდი და ვოლკერი არწმუნებდნენ პრეზიდენტ ტრამპს, ზელენსკი თეთრ სახლში მიეწვია. სონდლანდმა და ვოლკერმა შეადგინეს დოკუმენტი, რომელშიც გამოხატული იყო სურვილი, რომ უკრაინის პრეზიდენტს გაეკეთებინა განცხადება, რომ აპირებს გამოიძიოს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაჟის უკრაინაში საქმიანობა და 2016 წლის არჩევნებში უკრაინის სავარაუდო ჩარევა. როგორც Bloomberg-ი წერს, კენტმა ასევე უარყოფითად დაახასიათა ტრამპის პირადი იურისტის, რუდი ჯულიანის როლი უკრაინელ მოხელეებთან მოლაპარაკებებში.

ზელენსკი არ გამოვიდა განცხადებით, რომლის პროექტი, როგორც ამტკიცებენ, ვოლკერმა და სონდლანდმა შეათანხმეს. იმ მომენტისთვის მას არც თეთრ სახლში მიწვევა მიუღია. ვოლკერი გადადგა მას შემდეგ, რაც გამოცხადდა იმპიჩმენტის ფარგლებში გამოძიების დაწყების შესახებ.

ის ტარდება სავარაუდო ზეწოლის თაობაზე, რომელსაც ტრამპი ახორციელებდა უკრაინაზე, რათა ზიანი მიეყენებინა პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენისთვის. პრეზიდენტის თქმით, მას სურდა, რომ უკრაინას უკეთ ებრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. აშშ-ის ადმინისტრაციამ ოფიციალურად თქვა უარი გამოძიების საკითხში წარმომადგენელთა პალატასთან თანამშრომლობაზე. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელმა მისცა ჩვენება.

XS
SM
MD
LG