Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ ლისის ტბაზე მომხდარი დანაშაული გახსნა, ბრალდებულია 5 პირი


შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2019 წლის 6 ოქტომბერს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს, - ამის თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულია 5 პირი. კერძოდ, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დახმარების და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით, დაუსწრებლად პასუხისგებაში მიცემულია: 1979 წელს დაბადებული დ.რ., 1986 წელს დაბადებული ვ.კ., 1980 წელს დაბადებული ნ.კ., 1979 წელს დაბადებული ზ.მ. და 1977 წელს დაბადებული დ.ბ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, თბილისში, აკაკი გახოკიძის ქუჩაზე, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, იარაღის მუქარითა და ფიზიკური ძალის გამოყენებით, იძულებით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება 1979 წელს დაბადებულ გ.ვ.-ს. ამის შემდეგ ლისის ტბისა და ბრიტანული სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოკვლის განზრახვით, ჯგუფურად, დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, მათ გ.ვ.-ს სხეულზე სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გამოძიების ამ ეტაპზე დგინდება, რომ დანაშაულის მოტივი გახდა ერთ-ერთ ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის მკვლელობის წინა დღეს მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 25-109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 236-ე მუხლით და 143-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. ვინაიდან ხუთივე ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას და იმყოფებიან მიმალვაში, მათზე გამოცხადებულია ძებნა. მათი ადგილსამყოფელის დადგენა-დაკავების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG